მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პატარა ბაზარი, როგორც მთავარი დაბრკოლება: რატომ ამბობენ უარს გლობალური ბრენდები საქართველოში შემოსვლაზე?

რეზო მაღალაშვილი

საქართველოში ახალი, მსხვილი საერთაშორისო ბრენდების შემოყვანისას მთავარ გამოწვევად ბაზრის სიმცირე სახელდება. როგორც „სინომი ჯგუფის“ დირექტორმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, გლობალური გიგანტებისგან უარის თქმის ძირითადი საფუძველი, მოსახლეობის რაოდენობა და მშპ-ს მოცულობაა.

ზოგიერთი მსხვილი ბრენდის სტანდარტით, ქალაქის მოსახლეობა მინიმუმ 2 მილიონს უნდა შეადგენდეს, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 15,000 დოლარს აჭარბებდეს.

რეზო მაღალაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მშპ ერთ სულზე ამჟამად დაახლოებით 11,000 დოლარია, სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპი გლობალური მოთამაშეების ინტერესს ეტაპობრივად მაინც ზრდის. ამჟამად ჯგუფი მოლაპარაკებას სამ ბრენდთან აწარმოებს, რომლებიც ქართულ ბაზარზე შესაძლოა 2028 წელს გამოჩნდნენ.

„ფაქტია, რომ ბოლო წლებში არაერთი კომპანია შემოვიდა ბაზარზე, რომელმაც პრემიუმ და ლაქშერისთან მიახლოებული ბრენდებიც კი შემოიყვანა, რაც ნიშნავს, რომ მსყიდველობითი უნარიანობის ზრდასთან და კიდევ უფრო მეტად არარეზიდენტების ხარჯვის ზრდასთან ერთად, ასეთი ბრენდები უფრო ინტერესდებიან ჩვენი ბაზრით.

ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მასმარკეტზე და შესაბამისად ხელმისაწვდომი ბრენდებია ის 20 ბრენდი, რომელსაც წარმოვადგენთ 60-მდე მაღაზიით. უნდა ითქვას ისიც, რომ აქაც არის გარკვეული სხვაობები, მასმარკეტ პრემიუმიც გვაქვს და ვხედავთ, რომ ეს სეგმენტიც იზრდება. თუმცა სტრატეგიულად ჩვენ მაინც მასმარკეტ რითეილერები ვართ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ კატეგორიაში ბრენდები შემოვიყვანოთ.

ამჟამად სამ ბრენდს ვესაუბრებით, რომლებიც გლობალური ლიდერები არიან თავიანთ კატეგორიებში. ძალიან გვინდა, რომ ეს ბრენდები შემოვიყვანოთ საქართველოში. თუ წარმატებას მივაღწიეთ, 2028 წლიდან იქნებიან.

უარის თქმის საფუძველი ძირითადად არის ბაზრის სიმცირე. არიან ბრენდები, რომლებიც ამბობენ, რომ შემოსვლისთვის მინიმუმ 2 მლნ მოსახლე უნდა იყოს, მშპ ერთ სულზე უნდა აჭარბებდეს 15,000 დოლარს. ჩვენთან ამჟამად 11,000 დოლარია და სწრაფი ტემპით იზრდება. შესაბამისად, ეს ბრენდები უფრო და უფრო ინტერესდებიან.

ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ ჩვენი კომპანია საერთაშორისოა, 7 ქვეყანაშია წარმოდგენილი და შესაბამისად, რეგიონალურ კონტექსტში ვესაუბრებით რომ თუ ისინი დათანხმდებიან შემოსვლას საქართველოში, ჩვენ მათ გავუხსნით კარს ასევე, სომხეთსა და აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ყაზახეთში და ა.შ. ამიტომ მეტი შანსი გვაქვს, რომ გავახაროთ მომხმარებლები და ეს ძალიან პოპულარული ბრენდები 2028 წელს საქართველოში შემოვიდნენ,“ - განაცხადა რეზო მაღალაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები