მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში მოგზაურობისას მოგიწევთ ტურისტული გადასახადის გადახდა?

647af754ec1c1
ლიკა მეგუთნიშვილი
04.06.23 00:00
3662
მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოგზაურობისას ტურისტები დამატებით ტურისტული გადასახადით იბეგრებიან. ხშირად მსგავსი ტიპის მოსაკრებელი სასტუმროს ან ავიაბილეთის ღირებულებას ემატება.

ტურისტული გადასახადის შემოღებას წელს არაერთი ქალაქი თუ ქვეყანა გეგმავს, მათ შორისაა ვალენსია, სადაც გადასახადი ყველა იმ მოგზაურზე გავრცელდება, ვინც რეგიონის სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელში, მათ შორის სასტუმროებში, ჰოსტელებსა თუ აპარტამენტებში განთავსდება. ერთი ღამის საფასური საცხოვრებლის მიხედვით განისაზღვრება და 50 ცენტიდან 2 ევრომდე იქნება. ხელისუფლების განცხადებით, გადასახადი რეგიონის ტურისტული სექტორის მდგრად განვითარებას მოხმარდება.

2023 წლიდან ყველას, ვინც პორტუგალიის ქალაქ ოლჰაოში ჩავა, ტურისტული გადასახადის გადახდა მოუწევს. მეთევზეთა ქალაქი, ტურისტებში მუდამ პოპულარობით სარგებლობას და პორტუგალიის ხელისუფლებამ, გადასახადის დაწესება, სწორედ მოგზაურთა სიმრავლის გამო გადაწყვიტა. აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით ოლჰაოს ვიზიტორები ღამეში 2 ევროს გადაიხდიან, ნოემბრიდან მარტამდე კი, საფასური 1 ევროთი განისაზღვრება.

წელს ტურისტული გადასახადის შემოღებას გეგმავს ტაილანდიც და ნავარაუდევია, რომ საფასური დაახლოებით 8 ევრო იქნება.

2024 წლისთვის ტურისტული გადასახადის შემოღებას გეგმავს ვენეციაც. წინასწარი ინფორმაციით, ეს გადასახადი სეზონის მიხედვით შეიცვლება და 3-დან 10-ევროს ფარგლებში იქნება. აღსანიშნავია, რომ იტალიის სხვა ქალაქებში გადასახადი უკვე მოქმედებს, მაგალითად, რომში ღამის გათევის საფასური 3 ევროდან 7 ევრომდე მერყეობს.

რაც შეეხება ბარსელონას, ნავარაუდევია, რომ ტურისტული გადასახადი იქ ორი წლის განმავლობაში გაიზრდება. გასულ თვეს ქალაქის ხელისუფლებამ გადასახადი 2,75 ევრომდე გაზარდა, 2024 წელს კი საფასურის 3,25 ევრომდე გაზრდას აანონსებენ. ადგილობრივი მთავრობის განმარტებით, ტურისტული გადასახადებიდან შემოსული თანხა ბარსელონას ინფრასტრუქტურის, გზებისა და სატრანსპორტო სისტემების გაუმჯობესებას მოხმარდება.

იმ ქვეყნებს შორის კი, სადაც ტურისტული გადასახადი უკვე დიდი ხანია მოქმედებს, ერთ-ერთი არის ავსტრია. იქ თანხა იმის მიხედვით განსხვავდება, თუ რომელ რეგიონში იმყოფებით. ვენასა და ზალცბურგში სასტუმროში განთავსების შემთხვევაში, ერთი ღამის საფასურზე დამატებით 3%-ით მეტის გადახდა მოგიწევთ.

ბელგიაში ტურისტული გადასახადი სასტუმროებთან ერთად, ყველა სხვა ტიპის საცხოვრებელზეც ვრცელდება და მოგზაურებს მისი გადახდა ყოველ ერთ ღამეზე უწევთ. ტარიფი სასტუმროს ზომისა და რეიტინგის მიხედვით განსხვავდება, თუმცა, საშუალო ფასი 7,50 ევროთი განისაზღვრება.

ტურისტული გადასახადის გათვალისწინება საფრანგეთში მოგზაურობის დროსაც მოგიწევთ. ამ შემთხვევაში გადასახადი სასტუმროს ანგარიშს ემატება და ქალაქების მიხედვით განსხვავებულია. ტარიფი ერთ ღამეში საშუალოდ 20 ცენტიდან 4 ევრომდე მერყეობს. საფრანგეთის ყველაზე დატვირთული ტურისტული ქალაქები, როგორიცაა პარიზი და ლიონი, ამ თანხით ყოველწლიურად ტურისტულ ინფრასტრუქტურას აწესრიგებენ.

რაც შეეხება საბერძნეთს, ტურისტული გადასახადი აქ სასტუმროს ვარსკვლავების რაოდენობით განისაზღვრება და ეს საშუალოდ 4 ან 5 ევროს შეადგენს. საბერძნეთის ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით, ტურისტული გადასახადი ქვეყანას ვალების შემცირებაში მნიშვნელოვნად ეხმარება.

გერმანიასა და უნგრეთში ჩასულმა მოგზაურებმა კი, სასტუმროში ყოველ ღამეზე დამატებით 5% უნდა გადაიხადონ.

ჩეხეთში ტურისტული გადასახადი მხოლოდ დედაქალაქ პრაღაში მოქმედებს, მისი საფასური ძალიან მცირეა და ღამეში 1 ევროთი განისაზღვრება. გადასახადი არ ვრცელდება არასრულწლოვანებზე.

შვეიცარიაში კი, ტურისტული გადასახადი ადგილმდებარეობის მიხედვით განსხვავდება. საშუალოდ ერთ ადამიანს იქ ერთ დღე-ღამეში დამატებით 2.20 ევროს გადახდა უწევს. ეს გადასახადი ვრცელდება მათზე, ვინც შვეიცარიაში 40 დღე ან ნაკლები გაჩერდება.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ტურისტული გადასახადი ქვეყნის უმეტეს ნაწილში მოქმედებს და მას სხვაგვარად საცხოვრებლის გადასახადს უწოდებენ. გადასახადი ყველაზე მაღალი ჰიუსტონშია, სადაც ნებისმიერ საცხოვრებელში, სასტუმროსა თუ ჰოსტელში ერთ ღამის გატარების შემთხვევაში მოგზაურები დამატებით ნომრის 17%-ს იხდიან.

და ბოლოს, უნდა ვახსენოთ იაპონიაც. ამ შემთხვევაში მოგზაურები ტურისტულ გადასახადს ქვეყნიდან გასვლისას იხდიან და თანხა 1000 იენს, ანუ დაახლოებით 8 ევროს შეადგენს. როგორც იაპონელები ამბობენ, ეს მცირე გადასახადი, საერთო ჯამში, იაპონიის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები