უკანასკნელი მონაცემებით, დედამიწაზე 8 მილიარდ 101 მილიონ ადამიანზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება. თუ უწინ, ადამიანის მოდგმის რაოდენობრივი ზრდა საკვებისა და ენერგიის წყაროების რესურსების არარსებობის ან აუთვისებლობის გამო შეზღუდული იყო, ახლა ეს პრობლემები აღარ ჩანს და შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო წლებში დედამიწის მოსახლეობა იმაზე სწრაფად გაიზრდება, ვიდრე ოდესმე.
მაშ, რომელ ქვეყნებში ცხოვრობს ყველაზე მეტი ადამიანი? ამ კითხვაზე პასუხის პოვნა არც თუ ისე რთულია, მაგრამ სანამ გეტყვით, თუ რომელი ქვეყნები ლიდერობენ ამ რეიტინგში, რამდენიმე საინტერესო ტენდენციას მოგახსენებთ. პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენი პლანეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აზიის კონტინენტზე ცხოვრობს, რაც რელიგიური, კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრებით აიხსნება. საპირწონედ ამისა, მკვეთრად იკლებს მეტად განვითარებული რეგიონების და ქვეყნების მოსახლეობა - ამ მხრივ, გამოსარჩევია ევროპა და იაპონია, სადაც დემოგრაფიული საკითხი ჯერაც დიდ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
მსოფლიოს ყველაზე უხვმოსახლიანი ქვეყნების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
#1 - ინდოეთი - 1.438 მილიარდი
ინდოეთი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაა, რომელიც გამოირჩევა, როგორც მოსახლეობის რაოდენობით, ასევე ეკონომიკის ზომითა და გეოგრაფიით, რადგან თითოეული ამ პარამეტრით, ეს აზიური სახელმწიფო, სულ მცირე, შვიდეულში შედის. ინდოეთის მთლიანი შიდა პროდუქტი $3.385 ტრილიონს აღემატება, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ამგვარი მასშტაბის ფონზე, ქვეყნის ეკონომიკა მაინც სწრაფი ტემპით იზრდება. დღესაც კი, ინდოეთის ეკონომიკის საკმაოდ დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობაზე მოდის, მაგრამ ბოლო წლებში, მეტად განვითარდა, როგორც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემა, ასევე სერვისული ბიზნესი.
#2 - ჩინეთი - 1.425 მილიარდი
ჩინეთი მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელი სახელმწიფოა, რომელიც აწარმოებს ყველაფერს, რისი წარმოებაც შეიძლება. ამასთანავე, ის ბუნებრივი რესურსებითაცაა დაჯილდოებული და 1970-იან წლებში გლობალურად ჩამოყალიბებული ახალი ეკონომიკური დღის წესრიგის დამსახურებით, ჩინეთი მსოფლიოს მეორე უდიდეს ეკონომიკად ჩამოყალიბდა. თუ ბოლო ათწლეულებში, ჩინეთის ეკონომიკა უმეტესწილად ექსპორტზე იყო აწყობილი, ბოლო წლებში, სწრაფი ზრდა დაიწყო ჩინეთის საშუალო ფენამ, რაც აისახება, როგორც მოსახლეობის რაოდენობის, ასევე ეკონომიკის ზრდაზე. პარალელურად ამისა, ქვეყანაში სერვისული ეკოსისტემა ვითარდება.
#3 - აშშ - 341 მილიონი
მსოფლიოს ყველაზე უხვმოსახლიანი ქვეყნების ჩამონათვალში მესამე ადგილი პლანეტის უდიდესი ეკონომიკის მქონე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიკავა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი $25.4 ტრილიონს აღემატება. ამასთან, შეერთებულ შტატებს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ჯარი და მდგრადი ეკონომიკური და პოლიტიკური წყობა აქვს, ხოლო ქვეყნის ეროვნული ვალუტა - ამერიკული დოლარი, მსოფლიოს სარეზერვო ვალუტაა, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოს ცენტრალური ბანკები რეზერვებს დოლარში ინახავენ, ხოლო ადამიანები, ანგარიშსწორდებისთვის, ხშირად, სწორედ ამერიკულ დოლარს იყენებენ.
#4 - ინდონეზია - 279 მილიონი
ყველაზე მეტი მოსახლის მქონე ქვეყნების რეიტინგში მეოთხე ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ჭეშმარიტმა მარგალიტმა - ინდონეზიამ დაიკავა. ამ ქვეყნის $1.3-ტრილიონიანი ეკონომიკის უდიდესი ნაწილი ჯერაც სოფლის მეურნეობაზე და წარმოებაზე მოდის, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლება დიდ ინვესტიციას აბანდებს, როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე ტურიზმში.
#5 - პაკისტანი - 244 მილიონი
ყველაზე მეტად დასახლებული ქვეყნების პირველ ხუთეულში კიდევ ერთი აზიური სახელმწიფო მოხვდა. საუბარია პაკისტანზე, სადაც 244 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც, კუმულაციურად, $376-მილიარდიან ეკონომიკას ქმნიან. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის უდიდესი ნაწილი ჯერაც სოფლის მეურნეობაზე მოდის, მაგრამ ეკონომიკის სტიმულირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტექსტილის წარმოება და ტექნოლოგიები - ეს უკანასკნელი, განსაკუთრებით ბოლო წლებში დაჩქარდა და ამ მხრივ, ბიზნესპროცესების აუთსორსინგული მომსახურება და IT-სერვისები დომინირებს.
#6 - ნიგერია - 227 მილიონი
#7 - ბრაზილია - 217 მილიონი
#8 - ბანგლადეში - 174 მილიონი
#9 - რუსეთი - 144 მილიონი
#10 - ეთიოპია - 128 მილიონი