მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში უნდა დავტოვოთ ე.წ. "თიფი" და სად ითვლება ის შეურაცხყოფად?

643982ff71832
ლიკა მეგუთნიშვილი
17.04.23 20:25
8838
მომსახურე პერსონალისთვის, მადლიერების ნიშნად გასამრჯელოს, ე.წ. თიფის დატოვების ტრადიცია მე-16 საუკუნის ინგლისში ჩაისახა და შემდეგ მთელს მსოფლიოში გავრცელდა. თიფის დატოვების ფენომენი ამოუხსნელია ეკონომისტებისთვის. ისინი ფიქრობენ, რომ კანონით არ ვართ ვალდებული დამატებით გადავიხადოთ თანხა და ეს ადამიანის პირად ინტერესს ეწინააღმდეგება. თუმცა, ამ შეხედულებას რასაკვირველია ყველა არ იზიარებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყანებში ინდივიდუალური წესებია შემუშავებული.

თიფის დატოვება საკმაოდ გავრცელებული და აპრობირებული მეთოდია აშშ-ში. ნებისმიერი მომსახურების მიღებისას, მირთმევთ ყავას, უკვეთთ საკვებს თუ სასტუმროში ისვენებთ, თიფის გადახდა შტატებში თქვენი ხარჯების შემადგენელი ნაწილია. ამერიკის ტურიზმის ინდუსტრიაში თიფი დამატებითი შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. ამერიკულ რესტორანში 15%-იანი თიფის დატოვება სტანდარტულად ითვლება, 25%-იანი კი გულისხმობს, რომ ნამდვილად კარგი სერვისი მიიღეთ. რაც შეეხება ჩრდილოეთ ამერიკის სხვა ქვეყნებს, მაგალითად კანადის რესტორნებში თიფი 15%-20%-ით განისაზღვრება, მექსიკაში 15%-ით, დომინიკის რესპუბლიკასა და იამაიკაზე კი - 10-20%-ით. რაც შეხება სასტუმროს თიფს, ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში მისი საფასური 2-დან 5 დოლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება ევროპას, დიდ ბრიტანეთისა და ირლანდიის რესტორნებში მომსახურების თიფი დაახლოებით 10%-ია, რომელიც ასევე ანგარიშშია შეტანილი. ბრიტანულ პაბებში კი, თიფს არ ტოვებენ. იქ თუ მადლიერების გამოხატვა გსურთ, მიმტანს სასმელზე ეპატიჟებით, სწორედ ამიტომ შეძახილს - One for yourself – ბრიტანულ კაფე-ბარებში ხშირად გაიგებთ. იტალიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთსა და სლოვენიაში თიფის საფასური ასევე მომსახურების 10%-ით განისაზღვრება. სასტუმროს თიფი კი ევროპის ქვეყნებში 1-დან 2 დოლარამდეა. ევროპის ამ ქვეყნებისგან განსხვავდებიან სკანდინავიის ქვეყნები, ნორვეგიაში, დანიასა თუ ფინეთში, თიფის თანხა ანგარიშშივეა შეტანილი.

როგორც მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში, აფრიკის ქვეყნებშიც თიფის დატოვება სავალდებულო არაა, თუმცა 10-15%-იანი თიფი მადლიერების გამოხატვისთვის საუკეთესო ჟესტია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაღალი კლასის აფრიკული რესტორნები ანგარიშში სერვისის გადასახადს ითვალისწინებენ. რაც შეეხება აფრიკულ სასტუმროებს, აქ თიფი საშუალოდ 50 ცენტრს შეადგენს.

აზიის კონტინენტი მრავალ განსხვავებულ კულტურას აერთიანებს. ტაილანდსა და მალაიზიაში, სხვა აზიური ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც თიფის დატოვება დამცირებად ითვლება, ამ საკითხს შედარებით ევროპულად უყურებენ. აღნიშნულ ქვეყნებში დანამატი აუცილებლობადაც კი მიაჩნიათ. იმისათვის, რომ კარგად მოგემსახურონ სასტუმროსა თუ რესტორნებში, აუცილებელია თიფი დაუტოვოთ. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ 30 ცენტზე ნაკლები არ უნდა გადაიხადოთ, რადგან ეს შეურაცხყოფა იქნება. იაპონიასა და ჩინეთში კი, თიფის გადახდა სასტიკად არ არის რეკომენდებული. ამ ქვეყნებში დანამატის დატოვება შეურაცხყოფის ტოლფასია, რამაც შესაძლოა კონფლიქტიც კი გამოიწვიოს. ჩინეთისა და იაპონიისგან განსხვავებით, თურქეთში თიფის არ დატოვება იმდენად ცუდ ტონად ითვლება, რომ შეიძლება დასაქმებულმა პერსონალმა შეურაცხყოფაც კი მოგაყენოთ. თურქულ რესტორნებში თიფი 10%-ს შეადგენს, სასტუმროებში კი - 1-2 დოლარის ფარგლებშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები