2022 წელს ინფლაციის დონე თითქმის ყველა ქვეყანაში გაიზარდა. ენერგოტარიფების მკვეთრ მატებას გეოპოლიტიკური დაძაბულობა იწვევს, ხოლო კოვიდპანდემიის შემდეგ მიწოდების ჯაჭვების შეფერხებების შედეგად, სამომხმარებლო ფასები დღემდე იზრდება. ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი კი ისაა, რომ მსოფლიოს ქვეყნების თითქმის ნახევარი 2022 წელს ორნიშნა ინფლაციით ასრულებს. ირკვევა, რომ 2022 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მეზობელი ქვეყნებიდან ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სომხეთს აქვს და ის 9.5%-ს შეადგენს. ამ ნიშნით, ხუთეულში საქართველო მეორე ადგილზეა 10.6%-იანი ნიშნულით. რუსეთში ეს მაჩვენებელი 12.6%-ს უტოლდება, აზერბაიჯანში კი 13.7%-ს. გასაკვირი არაა, რომ 2022 წელს არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებითაც, ინფლაციის ერთერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თურქეთს აქვს და ის 85.5%-ზეა.
ქვეყნებს, რომლებსაც ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვთ, Trading Economics-ის მონაცემების გამოყენებით, Visual Capitalist-ი გვთავაზობს.
რეიტინგში გვხვდება ისეთი რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც ინფლაციის სამნიშნა მაჩვენებელი უფიქსირდება. ეს ქვეყნებია ზიმბაბვე, ლიბანი და ვენესუელა. მათი მაჩვენებლები, შესაბამისად, 269%, 162% და 156%-ია. ამ სამეულს მოსდევს სირია, სუდანი, არგენტინა, თურქეთი და შრი ლანკა. ხოლო ათეულს ირანი და სურინამი ასრულებს.
ფასების მატებასთან ერთად, 38-დან 33-მა ცენტრალურმა ბანკმა, წელს საპროცენტო განაკვეთები გაზარდა. მსგავსი კოორდინირებული გადაწყვეტილების მიღება ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პირველად მოხდა. ასევე, ეკონომისტების მხრიდან არსებობს მოლოდინი, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები 2023 წლის განმავლობაშიც შენარჩუნდება, რამდენადაც ინფლაციის დონე კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება.
ამის საპირისპიროდ, ინფლაციის ყველაზე დაბალი დონე შემდეგ ათ ქვეყანაში ფიქსირდება: ბოლივიაში, ტაივანსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც მაჩვენებლები, შესაბამისად, ასეთია: 2.9%, 2.7% და ასევე 2.7%. მათ მოსდევს ვანუატუ, ომანი და ბენინი. ხოლო ათეულს ასრულებს ჩინეთი, პანამა, მაკაო და სამხრეთ სუდანი.
რაც შეეხება მიზეზებს, მთელ მსოფლიოში ცხოვრების ღირებულებას, ძირითადად, მაინც ენერგეტიკული ინფლაცია ზრდის, რომელიც უკრაინის ომითაა განპირობებული. 2020 წლის ოქტომბრიდან ენერგიის გლობალური ფასების ინდექსი მკვეთრადაა გაზრდილი. ეს ინდექსი კი ნედლი ნავთობის, ბუნებრივი აირის, ქვანახშირისა და პროპანისგან შედგება. გასული წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 6-ჯერ გაიზარდა, ხოლო ელექტროენერგიის - 78%-ით.
რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, ანალიტიკოსების თქმით, ფასების ე.წ. მოთვინიერებას, სავარაუდოდ, წლები დასჭირდება. ისტორიულად, ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლას თავი ყველაზე უკეთ იტალიამ გაართვა - ქვეყანამ 1980 წლის 22%-იანი მაჩვენებლიდან 1986 წელს ეს დონე 4%-მდე შეამცირა. თუ გლობალური ინფლაციის მაჩვენებლები, რომელიც 2022 წელს დაახლოებით 9,8%-ს შეადგენს, ამ კურსს მიჰყვება, ეკონომისტების ვარაუდით, 2%-იანი მიზნის მიღწევას მინიმუმ 3 წელიწადი დასჭირდება.