მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელ ქვეყნებშია კომუნალურები ყველაზე ძვირი/იაფი? - Numbeo

ტარიფებ

კომუნალური გადასახადები ადამიანის ყოველთვიური ბიუჯეტის მნიშვნელოვან წილს იკავებს, თუმცა ზუსტი ხარჯების ოდენობა განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობ. ელექტროენერგიის, წყლის, ბუნებრივი აირის თუ ნარჩენების მართვის მიმართულებით, თითოეულ ქვეყანაში გადასახადების ინდივიდუალური სტრუქტურა და პოლიტიკა არსებობს.

მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში კომუნალური გადასახადები შეიძლება მაღალი იყოს, რაც მაღალ მოხმარებასა და ინფრასტრუქტურის მოვლის ხარჯებს უკავშირდება. ისეთ ქვეყნებში კი, რომლებიც ბუნებრივი რესურსებითაა მდიდარი, მაგალითად კატარსა და ქუვეითში, მოქალაქეებისთვის ტარიფები შესაძლოა დაბალი იყოს, რასაც სამთავრობო სუბსიდირება განაპირობებს.

თუმცა, ბუნებრივი რესურსების არსებობა და მწვანე ენერგიის გენერაცია ყოველთვის დაბალ ტარიფებს არ ნიშნავს. მაგალითისთვის, ევროპულ ქვეყნებში კომუნალურებზე მაღალი გადასახადები სწორედ განახლებადი ენერგიით აიხსნება, რადგან მწვანე გენერაციაზე გადასვლა ხანგრძლივ ინვესტიციას მოითხოვს, რაც გაზრდილ ტარიფებსაც ხსნის. განვითარებად ქვეყნებში კი გამოწვევად არა კომუნალური მომსახურების ფასები, არამედ მათი ხელმისაწვდომობა რჩება.

სტატისტიკის ციფრული პლატფორმა Numbeo, რომელიც მსოფლიოს ქვეყნებში საცხოვრებელ ხარჯებს ითვლის, 98 ქვეყნის მონაცემებს აქვეყნებს, თუ სად ჯდება ყოველთვიური კომუნალური გადასახადები ყველაზე ძვირი. სტატისტიკაში განხილულია თითოეულ ქვეყანაში ელექტროენერგიის, გათბობის, გაგრილების, წყლისა და ნარჩენების მართვის გადასახადი 85 კვადრატული მეტრის ფართის ბინისთვის.

რეგიონში კომუნალური გადასახადები ყველაზე ძვირი რუსეთშია, სადაც მოქალაქეები ყოველთვიურად 93.48 დოლარს იხდიან. მეორე ადგილზე სომხეთია, 75.93 დოლარით. აზერბაიჯანსა და თურქეთში მოსახლეობას კომუნალური გადასახადი 59-59 დოლარი უჯდებათ. რაც შეეხება საქართველოს, Numbeo-ს ინფორმაციით, აქ საშუალო გადასახადი 66 დოლარია.

კომუნალური გადასახადები ყველაზე ძვირი, თვეში 349.7 დოლარი ავსტრიის მოსახლეობას უჯდება.

მეორე ადგილზეა გერმანია - 315.17 დოლარით.

300 დოლარი უჯდებათ ელექტროენერგიის, გათბობა/გაგრილებისა და წყლის გადასახადები გაერთიანებულ სამეფოში. ესტონეთში 282.7 დოლარი, ლატვიაში კი - 278 დოლარი.

მეექვსე ადგილზე ჩეხეთის რესპუბლიკაა, სადაც მოქალაქეები ყოველთვიურად 274.3 დოლარს იხდიან, ორი დოლარით ნაკლებს კი - პოლონეთში. 253 დოლარი ჯდება კომუნალური გადასახადები ლუქსემბურგში.

ათეულს სლოვენია 246.7 დოლარით, ხოლო ჰონკონგი 242.5 დოლარით ხურავენ/

მეორე მხრივ კი, კომუნალურ მომსახურებაზე ტარიფები ყველაზე დაბალი ირანშია, სადაც მოქალაქეებს ყოველთვიურად ეს მომსახურება მხოლოდ 15.8 დოლარი უჯდებათ. ამ შემთხვევაში მეორე ადგილზეა ეგვიპტე - 18.2 დოლარით, მესამეზე კი ვენესუელა, სადაც ყოველთვიური გადასახადი 20 დოლარს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები