საქართველოს საპენსიო სააგენტო საქართველოში უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც ინვესტიციებს გლობალურ საფონდო ბირჟაზე ახორციელებს. სააგენტოს აგვისტოს ანგარიშის თანახმად, 5.5-მილიარდი ლარის ღირებულების ფონდიდან 990 მილიონი ლარი გლობალურ აქციებში არის განთავსებული, რაც მთლიანი ფონდის ღირებულების 18%-ს შეადგენს.
სააგენტოს ფინანსური ანგარიშის მიხედვით, გლობალური აქციების წილი ყველაზე მაღალია დინამიურ პორტფელში და ის 51.6%-ს შეადგენს, მეორე ადგილზეა დაბალანსებული პორტფელი 32%-ით, ბოლო ადგილზე კი კონსერვატიული პორტფელია 17.7%-ით.
თავად ამ პორტფელების და მათში აქციების მოცულობა ასე ნაწილდება:
კონსერვატიული პორტფელი - 5,446 მილიონი ლარი, აქციების მოცულობა 964 მილიონი ლარი;
დაბალანსებული პორტფელი - 30.2 მილიონი ლარი, აქციების მოცულობა 9.7 მილიონი ლარი;
დინამიკური პორტფელი - 27.9 მილიონი ლარი, აქციების მოცულობა 14.4 მილიონი ლარი.
საპენსიო სააგენტოს აქციები ინვესტირებულია მსოფლიოს წამყვან საფონდო ინდექსებში, მათ შორის ყველაზე დიდი თანხა 405 მილიონი ლარი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მთავარ ინდექსში S&P 500-ში არის ინვეესტირებული. 180 მილიონი არის დაბანდებული აზიურ FTSE Pacific ETF-ში, 175 მილიონი ლარი არის დაბანდებული FTSE Europe ETF-ში, ხოლო 112 მილიონი ლარი არის ინვესტირებული განვითარებადი ბაზრების ინდექს FTSE EM Markets ETF-ში, ასევე საპენსიო სააგენტოს 77 მილიონი ლარი ინვესტირებული აქვს სამხრეთ ამერიკის წამყვან iShares Latin America 40 ETF-ში.




























