საქართველოში ბანკების აქტიური პორტფელების ღირებულების საერთო ჯამი 50,115,304,968 ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხა ნაწილდება 30-მდე სექტორზე და 15 ბანკზე, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ. საინტერესოა, ბაზრის რა წილი უკავია თითოეულ მათგანს და რომელ სექტორებშია ყველაზე დიდი თანხა გასესხებული.
2023 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით, „საქართველოსა“ და „თიბისი“ ბანკებს მთელი ბაზრის 76%-ზე მეტი უჭირავთ. „თიბისი ბანკის“ აქტიური პორტფელის ღირებულებაა - ₾19.7 მლრდ „საქართველოს ბანკის“ კი - 18.4 მილიარდი ლარია.
საქართველოში მესამე უმსხვილესი ბანკი „ლიბერთი ბანკია“, რომელსაც სხვადასხვა სექტორზე სესხის სახით ₾2.8 მილიარდზე მეტი აქვს გაცემული, რაც მთლიანი საკრედიტო პორტფელის 5.7%-ს შეადგენს. ამ სამი ბანკის მიერ გაცემული სესხების საერთო ჯამი 41 მილიარდი ლარია.
სექტორების მიხედვით, სამ წამყვან ბანკში ყველაზე მეტი სესხი გაცემულია სერვისების სექტორზე, რაც ჯამში 7 მილიარდ ლარს შეადგენს.
სასოფლო სამეურნეო დანიშნულებით გაცემული სესხების რაოდენობა, რომელიც სამი ხსენებული ბანკიდან გასესხებული სრული თანხის 6.8%-ს აღწევს, ჯამში 2.8 მილიარდი ლარია, მათ შორის სოფლის მეურნეობას ყველაზე მეტი თანხით 1.1 მილიარდით ამ სექტორს "თიბისი" აფინანსებს.
სესხების საკმაოდ დიდი წილი (5.8%) სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორს უჭირავს. ჯამში, 2023 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, „თიბისი“, „საქართველოსა“ და „ლიბერთი ბანკებიდან“ სესხის სახით ამ სექტორზე გაცემულია 2.37 მილიარდ ლარამდე თანხა.
უძრავი ქონების მენეჯმენტი, ასევე, ერთ-ერთი საინტერესო სექტორია, რომელზეც სამი ბანკიდან 2.249 მილიარდ ლარზე მეტია გასესხებული.
სახელმწიფო ორგანიზაციების, უძრავი ქონების დეველოპმენტის, ენერგეტიკის, სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობის, სამშენებლო მასალების მოპოვების, წარმოებისა და ვაჭრობის, სამომხმარებლო საქონლის წარმოებისა და ჯანდაცვის სექტორებზე ერთად, სესხების 26.3%, ანუ 10,783,681,414 ლარი მოდის.
დარჩენილი დარგები სესხის სახით 15.754 მილიარდ ლარზე მეტს იღებენ, საიდანაც ყველაზე ცოტა- 200 მილიონ ლარამდე თანხა ფარმაციაზე მოდის.
ასე გამოიყურება ბანკების წილი საკრედიტო პორტფელის მიხედვით: