მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ სექტორებში მუშაობს ყველაზე მეტი ამერიკელი და რამდენია მათი ანაზღაურება?

646b0ff28a427
მარიამ იზორია
22.05.23 10:42
1440
აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული, დასაქმებისა და ხელფასების 2022 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ის სექტორები გამოვლინდა, სადაც ამერიკაში ყველაზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ამერიკის სამუშაო ძალის უმეტესობა, საუბარია 100 ადამიანიდან 13 მოქალაქეზე, საოფისე და ადმინისტრაციული საქმიანობითაა დაკავებული.

მეორე ინდუსტრია, სადაც ამერიკაში 100-დან 11 ადამიანია საქმდება, ჯანდაცვის სექტორია. ეს სექტორი ექიმებს, ქირურგებს, ვეტერინარებს, ექთნებს და თერაპევტებს, მათ ასისტენტებს და მომვლელებს აერთიანებს.

ამერიკის შეერთებული შტატების სატრანსპორტო სექტორში 100 ადამიანიდან ცხრაა დასაქმებული. შტატებში მესამე ყველაზე პოპულარული სამუშაო ტვირთის გადამზიდავებს, პილოტებს, სატვირთო მანქანების მძღოლებს აერთიანებს. სატრანსპორტო სექტორის მსგავსად, ამერიკის სამუშაო ძალის საკმაოდ დიდი ნაწილი გაყიდვების მიმართულებით მუშაობს.

რეიტინგში მეხუთე ადგილზეა - კვების ინდუსტრია. აქ 100 ადამიანიდან რვა მოქალაქეა დასაქმებული. ეს კატეგორია სწრაფი კვების რესტორნებში მომსახურე პერსონალს და მზარეულებს მოიცავს.

100-დან 6 ადამიანი ამერიკაში მენეჯერულ პოზიციებზე, ასევე ბიზნესსა და ფინანსურ სექტორშია დასაქმებული. ამდენივე ადამიანი წარმოებასა და განათლების ინდუსტრიაში საქმიანობს. 100-დან 4 ამერიკელი კი მშენებელი და მექანიკოსია. რაც შეეხება ტექნოლოგიურ პროფესიებს, როგორებიც არის მაგალითად პროგრამული უზრუნველყოფა, ვებ დეველოპმენტი, ამ მიმართულებებზე 100-დან სამი ამერიკელი მუშაობს. ამავე რაოდენობის ადამიანი მუშაობს დასუფთავების, გამწვანების, კეთილმოწყობისა და დიასახლისის მიმართულებით.

აშშ-ის სამუშაო ძალის საკმაოდ დიდ ნაწილს პოლიციელები, მეხანძრეები, მაშველები და დაცვის თანამშრომლები წარმოადგენენ. ასეთი შტატებში 100-დან 2 ადამიანია. ამავე რაოდენობის მოქალაქე ვიზაჟისტის, კინოლოგის, ფიტნეს ტრენერის, არქიტექტორ-ინჟინერის, სოციალური მუშაკის და თერაპევტის პოზიციებს ითვისებს. ხელოვნების, მედიის, სპორტის, მეცნიერების, იურიდიულ სექტორში, ასევე ფერმერულ საქმიანობაში 100 ადამიანიდან მხოლოდ ერთია ჩართული.

ასევე Საინტერესოა, ჩამოთვლილ სექტორებს შორის, რომელი ინდუსტრიაა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ამერიკის შეერთებულ შტატებში?

წლიური საშუალო ანაზღაურების მიხედვით, ზემოთ ჩამოთვლილ სექტორებს შორის, ტოპ-10 ყველაზე მაღალანაზღაურებად სამუშაო პოზიციას შორის პირველი - მენეჯმენტია.

აქ დასაქმებული ადამიანების საშუალო წლიური ანაზღაურება $131 200-ს აღწევს. მეორე ადგილს იურიდიული სექტორი იკავებს, სადაც წლიური საშუალო ანაზღაურება დაახლოებით $124 540-ს შეადგენს.

ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე ადამიანებს წლიურად დაახლოებით $108 130-ის გამომუშავება შეუძლიათ. ამერიკაში კარგად ფასობს ჯანდაცვის სექტორიც, სადაც წლიური ხელფასი $96 770-ს შეადგენს. ბიზნესისა და ფინანსების სექტორში დასაქმებულებს წლიურად $86 080 აქვთ შემოსავალი. მეცნიერების წლიური ანაზღაურება $83 640-ია. ხელოვნების სექტორში, მედიასა და სპორტის მიმართულებით დასაქმებულ კადრებს წლიურად $76 500 აქვთ.

საგანმანათლებლო სექტორი აღნიშნულ რეიტინგში საშუალო წლიური ანაზღაურების კუთხით მეცხრე ადგილზეა და $63 240-ს შეადგენს. ათეულს სამშენებლო ინდუსტრია ავსებს, აქ სამუშაო ძალის წლიური საშუალო შემოსავალი $58 400-ია.

იმ ინდუსტრიებს შორის, სადაც ამერიკაში საკმაოდ ბევრი ადამიანია დასაქმებული, ყველაზე ნაკლებად ანაზღაურებადი კვების ინდუსტრიაა. აქ წლიური ანაზღაურება $32 130-ს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები