მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ სექტორებში ხედავს EBRD-ი საქართველოს ეკონომიკის ზრდის პოტენციალს?

5d9899a5c11cc
ელენე კვანჭილაშვილი
05.10.19 21:50
1234
„არ მინდა თავი იმით შევიზღუდო, რომ მხოლოდ გარკვეულ სექტორებზე გავაკეთო აქცენტი. საქართველოს ეკონომიკა ძალიან დივერსიფიცირებულია, რაც ჩვენთვის იმას ნიშნავს, რომ ბევრ სფეროში უნდა ვიყოთ აქტიურები“ - ასე იწყებს პასუხს EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იურგენ რიგტერინკი „ანალიტიკა“-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გადაცემის ავტორის და წამყვანის მიერ დასმულ კითხვაზე: საქართველოს ეკონომიკის რომელ სექტორებს შეიძლება ჰქონდეთ ყველაზე მაღალი ზრდის პოტენციალი.

EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ბოლო პერიოდში იბიარდის ჩართულობა გაიზარდა ენერგეტიკის და განახლებადი ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით. „ვფიქრობ, ეს ტენდენცია გაგრძელდება“ ამბობს იურგენ რიგტერინკი და განაგრძობს: „ასევე უფრო ინტენსიურად ჩართულებს გვიხილავთ მუნიციპალიტეტებთან მუშაობის თვალსაზრისით, თბილისში, მაგალითად, ქალაქის მწვანე ეკონომიკის განვითარების კუთხით ვაქტიურობთ - თბილისი ისედაც ლამაზი ქალაქია, მაგრამ, რატომ არ უნდა გვქონდეს მაგალითად, ელექტრო ავტობუსები და რატომ არ უნდა შევუწყოთ ხელი ქალაქში უფრო სუფთა ჰაერს?“

EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი „ანალიტიკა“-ს იმასაც უდასტურებს, რომ განვითარების ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. „ვფიქრობთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესსექტორი ისე, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, საქართველოშიც ეკონომიკის ხერხემალია. თუმცა ჩვენთვის, როგორც ძალიან დიდი ბანკისთვის, რომელსაც ერთი ოფისი აქვს საქართველოში, სადაც მხოლოდ 35 ადამიანი მუშაობს, ძალიან რთულია ამ სექტორში ყველა ბიზნესზე უშუალოდ წვდომა. ამდენად ამ საქმეს ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვუძღვებით - კომერციულ ბანკებთან, რომლებიც ჩვენი დაფინანსების გამტარები და შუამავლები არიან“ - განმარტავს EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.

იურგენ რიგტერინკის თქმით, ბიზნესს არა მხოლოდ ფინანსური, არამედ საკონსულტაციო მხარდაჭერაც სჭირდება. „ჩვენ საკონსულტაციო სერვისიც გვაქვს, სადაც ამ სექტორის 3000 წარმომადგენელს უკვე დავეხმარეთ - რჩევები მოიცავს IT საკითხებს, რისკმენეჯმენტის საკითხებს, ვერბგვერდის გამართვას - ნებისმიერ პრაქტიკულ საკითხს“ - გვიხსნის EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, ეს იურგენ რიგტერინკის პირველი ვიზიტია საქართველოში EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის რანგში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები