დღეს საქსტატმა საქართველოს მედიანური ხელფასის ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის განცხადებით, ისინი ყოველწლიურად მოამზადებენ ქვეყნის როგორც საშუალო, ასევე მედიანური ხელფასის სტატისტიკას. საშუალო ხელფასისგან განსხვავებით, რაც ყველა დასაქმებულის მიერ აღებული ხელფასის საშუალო არითმატიკულია, მედიანური ხელფასი ასახავს ზუსტად მაჩვენებელს ყველაზე მაღალსა და დაბალ ხელფასებს შორის. საქსტატის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში მედიანური ხელფასი იყო 900 ლარი, მაშინ როდესაც საშუალო ხელფასი 1,304 ლარს შეადგენდა.
საქმიანობების სახეების მიხედვით, 2021 წელს, შედარებით მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 509 ლარი;
⦁ სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 1 386 ლარი;
⦁ ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 1298 ლარი;
⦁ მშენებლობა - 1 276 ლარი;
⦁ სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 1 273
ლარი.
“მომხმარებელთა მხრიდან ხელფასების სტატისტიკურ მონაცემებზე მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) იწყებს შრომის სტატისტიკის დამატებითი მაჩვენებლის, დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასის წარმოებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემების საფუძველზე. მისი გამოქვეყნება დაგეგმილია წლიური პერიოდულობით,”- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.




























