მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ტურისტულ მიმართულებებზეა მოთხოვნა მიმდინარე სეზონზე? - Pegas Touristik-ის პასუხი

636d015eaa645
თამთა ჯიჯავაძე
10.11.22 21:07
618
ტურისტული კომპანია Pegas Touristik Georgia-ს კომერციული დირექტორი სალომე ბერაია აცხადებს, რომ ადგილობრივი მომხმარებლისგან ჯერჯერობით მიმდინარე ზამთრის სეზონზე ტურისტულ პაკეტებზე მაღალი მოთხოვნა არ არის, თუმცა, მისივე თქმით, ქართველ მომხმარებელს ბოლო წუთს ახასიათებს გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ კომპანიაში მოთხოვნის ზრდას ელოდებიან. რაც შეეხება ქვეყნებს, ბერაია ამბობს, რომ მოთხოვნა ძირითადად ორ მიმართულებაზე - ეგვიპტესა და დუბაიზეა.

„რაც შეეხება ევროპის მიმართულებას, „ვიზეარის“ ფრენები ისევ აქტუალურია, თუმცა არასტაბილური განრიგიდან გამომდინარე, და იმის გამო, რომ ხშირია დაგვიანებები, გაუქმებები და ა.შ., არ გვაქვს საშუალება, რომ მომხმარებელს ევროპის მიმართულებით ტურისტული პაკეტები თამამად შევთავაზოთ“, - აღნიშნა სალომე ბერაიამ Bm.ge-სთან ინტერვიუში.

რაც შეეხება ფასებს, მისივე თქმით, 2019 წელთან შედარებით ტურისტულ პაკეტებზე ფასების განსაკუთრებული ზრდა არ არის. როგორც ის ამბობს, პანდემიამდელ პერიოდს თუ შევადარებთ, ზრდა დაახლოებით 20-30%-ის ფარგლებშია.

„ფასები შეცვლილია, თუმცა ეს განპირობებულია დოლარის კურსით, ყველაფრის ფასმა იმატა. ყველაფერი გაძვირდა, მათ შორის საწვავი, ასევე სასტუმროს პროდუქტები გაუძვირდა, რაც საბოლოო ჯამში ქმნის იმ სურათს, რომ ტურისტული პაკეტების ღირებულებაც გაიზარდა. თუმცა ეს კავშირში არ არის იმასთან, რომ პანდემიის შემდეგ მოგზაურობა გაძვირდა“, - აღნიშნა სალომე ბერაიამ.

Pegas Touristik Georgia-ს კომერციულმა დირექტორმა ზაფხულის სეზონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წლის ზაფხულის პერიოდმა კომერციულად მათ მოლოდინებს გადააჭარბა.

„პანდემიამდელ მაჩვენებელს მთლად 100%-ით ვერ დავუბრუნდებით, მაგრამ საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2022 მომგებიანი წელი იყო ჩვენი კომპანიისთვის. ზაფხულის სეზონი იყო ძალიან კარგი, 2020 და 2021 წლის სრული ჩავარდნის შემდეგ, 2022 წელმა დააბრუნა 2019 წლის ნიშნული. ზაფხულის სეზონზე უკონკურენტო იყო თურქეთის კურორტები. ზამთრის სეზონზე გადავინაცვლეთ ეგვიპტის და დუბაის მიმართულებით, ეს არის ყველაზე დიდი მიმართულებები, სადაც ინიშნება ჩარტერები და ქართველი ტურისტების მასობრივად გადინება ფიქსირდება“, - განაცხადა სალომე ბერაიამ.

რაც შეეხება მომავალი წლის ზაფხულის სეზონს, კომპანიას უკვე დაწყებული აქვს მზადება და თვის ბოლოსთვის ნაადრევი ჯავშნებიც ჩაეშვება.

„ახლა კონტრაქტებს ვაფორმებთ ავიაკომპანიებთან და თვის ბოლოს უფრო მეტი გვეცოდინება“, - დასძინა მან.