მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელ ვიდეოთამაშებს უნდა ველოდოთ 2025 წელს?

თამაშები

2025 წელი ვიდეოთამაშების ინდუსტრიისათვის განსაკუთრებით საინტერესო და გამორჩეული იქნება, რადგან ბაზარზე ერთდროულად რამდენიმე AAA თამაშის გაშვება არის დაგეგმილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ რთულ კონკურენციაში დეველოპერებს ჭეშმარიტად გამორჩეული თამაშების შექმნა მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მოთამაშეებს დაკარგავენ და რეიტინგში ჩამორჩებიან.

Assetto Corsa EVO

სიმულაციური რბოლის მოყვარულთათვის წლის მთავარი სიახლე Assetto Corsa EVO იქნება, რომელიც KUNOS Simulazioni-ის ფლაგმანური პროდუქტია და საავტომობილო ინდუსტრიაში ახალი სტანდარტების დაწესებას ისახავს მიზნად. გასაოცარ გრაფიკასთან, ტექნიკურ დეტალებთან და ფიზიკასთან ერთად, AC EVO-ს კიდევ ერთი რამ გამოარჩევს, ეს მისი რეალიზმია, რომელიც, თუ Formula 1-ის პილოტებს დავუჯერებთ, რეალურ გამოცდილებასთან 95%-ით არის მიახლოებული. მართალია, სარბოლო სიმულატორი ბეტა-ტესტერებისთვის უკვე ხელმისაწვდომია, თუმცა მისი სრულად გაშვება წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილი. სავარაუდოდ, Assetto Corsa EVO ყველაზე პოპულარულ სიმულატორად იქცევა, რადგან ამ ფრენჩაიზის წინა სერიებს აქტიურად იყენებენ როგორც ავტომოყვარულები, ასევე პროფესიონალი მრბოლელები, რომელთაც უნარების გაუმჯობესება და სარბოლო ტრასებზე უსწრაფესი ავტომობილების მართვის დაუფლება სურთ. უნდა აღინიშნოს, რომ Assetto Corsa, კლასიკური გაგებით, გასართობი ვიდეოთამაში არ არის, ის პროფესიონალური სიმულატორია, რომლის შესაძლებლობების სრულად ასათვისებლად აუცილებელია: მძლავრი კომპიუტერის, სარბოლო საჭის, სატერფულების, 3 მონიტორის ან VR-ჩაფხუტის ქონა, რაც საკმაოდ დიდ ინვესტიციას მოითხოვს.

Doom: The Dark Ages

სიმულაციური რეალიზმიდან დისტოპიურ ფენტეზიში უნდა გადავინაცვლოთ, სადაც უკვე მრავალი წელია, რაც დემონების ხოცვა-ჟლეტით დაკავებული Doomguy მოთამაშეებს შეუდარებელ გამოცდილებას სთავაზობს. ბრუტალიზმით, ძალადობითა და შემზარავი კადრებით აღსავსე ფრენჩაიზი 2025 წლისათვის ყველაზე ამბიციურ პროექტს, Doom: The Dark Ages-ს ამზადებს, რომელიც ჯოჯოხეთში მოგზაურობის ახლებურ გამოცდილებას შემოგვთავაზებს. როგორც Bethesda-ში აცხადებენ, ახალი თამაში შუა საუკუნეების თემატიკას ტექნოლოგიურ პროგრესთან და სატანისტურ ძალებთან დააკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთამაშეებს დემონების და ავი სულების ხოცვა ბნელ საუკუნეებში მოუწევთ, რასაც Doom-ის ყველა ფანი სულმოუთქმელად ელოცება.

Monster Hunter Wilds

ვირტუალურ სამყაროში ძალადობის მოყვარულთათვის კიდევ ერთი სასიხარულო სიახლეა, რაც 2025 წელს Monster Hunter Wilds-ის გამოსვლას უკავშირდება. გასაოცარი გრაფიკისა და უკიდეგანო სამყაროს მქონე თამაშს წელს მონსტრების, დრაკონებისა და დემონების არნახული მასშტაბები ექნება, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ უკიდეგანო უდაბნოში მოთამაშეები დაუვიწყარ ემოციებს მიიღებენ.

The Witcher 4

მონსტრების, ვამპირების, მაქციების, ქორთლაღების, ჯადოქრების, ორკების, ციკლოპების, ავი სულების, ალქაჯების და სხვა სახის საზარლობების ხოცვა არ მოაკლდებათ Witcher-ის სერიის მოყვარულებსაც, რადგან წელს The Witcher 4 გამოვა, რომელიც მხედვარის გზას გერალტის შვილობილის, ცირის მოგზაურობით გააგრძელებთ. ანჯეი საპკოვსკის წიგნების ორიგინალი ტრილოგიისაგან განსხვავებით, ვიდეოთამაშის მე-4 სერია სწორედ ბედისწერით მოვლენილი ცირის გარშემოა აგებული, რომელსაც ვერცხლისფერი მგლისაგან განსხვავებული უნარები და ბრძოლის სტილი ახასიათებს, რაც მოთამაშეებისათვის საინტერესო სიახლე იქნება.

Elden Ring: Nightreign

თუკი მოწინააღმდეგეების ხოცვა-ჟლეტა მოგბეზრდებათ და მაზოხისტური მისწრაფებები გაგიჩნდებათ, FromSoftware-ის და Bandai Namco-ს გუნდი თქვენთვის სასიამოვნო სიახლეს ამზადებს, რაც Elden Ring: Nightreign-ს უკავშირდება, რომელიც Dark Souls-ის ფრენჩაიზის ნაწილია და Elden Ring-ის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც, თავისი არსით, ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ვიდეოთამაშად ითვლება. Nightreign-თან დაკავშირებით ბევრი რამ არ არის ცნობილი, გარდა იმისა, რომ ის უკიდეგანოდ დიდი, საოცრად ლამაზი, გრანდიოზული და ურთულესი იქნება, რადგან წინამორბედების მსგავსად, სავარაუდოდ, ყოველი მოწინააღმდეგის დასამარცხებლად მილიონჯერ მოგიწევთ სიკვდილი და ბრძოლის თავიდან დაწყება, რაც Elden Ring-ის მთავარი არსი და ხიბლია. სირთულეების მიუხედავად, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ახალი თამაში ისეთივე დაუვიწყარი და სულის შემძვრელი იქნება, როგორც მისი წინამორბედი.

Grand Theft Auto 6

საბოლოოდ, წლის მთავარ ვიდეოთამაშზე, Grand Theft Auto 6-ზე უნდა ვისაუბროთ, რომელსაც ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება. დიდი ალბათობით, GTA 6 ვიდეოთამაშების ისტორიაში ყველაზე წარმატებული და მაღალ შემოსავლიანი პროექტი იქნება, რადგან Rockstar Games-ის ახალი შედევრი ინდუსტრიაში ახალი სტანდარტების დაწესებას ისახავს მიზნად. ვაის-სიტის სამყაროში განვითარებული ბონი და კლაიდის თანამედროვე ისტორია, სავარაუდოდ, რეკორდებს დაამხობს და დაამტკიცებს, თუ რატომ იქნება GTA 6 არათუ 2025-ის, არამედ ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები