მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი ადგილობრივი პროდუქტი (არ) გვყოფნის? - თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლები

სურსათი

საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ დაბალი თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლები რჩება. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2025“-ის მიხედვით, ქვეყანა რიგ ძირითად სასურსათო პროდუქტებში კვლავ მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმპორტზე, თუმცა რამდენიმე მიმართულებით ადგილობრივი წარმოება შიდა მოთხოვნას სრულად ან მეტწილად ფარავს.

დოკუმენტის მიხედვით, რძისა და რძის პროდუქტების სასურსათო ბალანსი აჩვენებს, რომ ადგილობრივი წარმოება 2022 წლის შემდეგ (565 ათასი ტონა) ყოველწლიურად მცირდება და 2025 წლის მონაცემებით 556 ათას ტონას შეადგენს.

პარალელურად, მზარდია შიდა მოთხოვნა, რამაც სასურსათო მოხმარება 2025 წელს 793 ათას ტონამდე გაზარდა. ამ დეფიციტის შევსება იმპორტის ხარჯზე ხდება, რომელიც 2022 წლიდან (175 ათასი ტონა) 2025 წლამდე 264 ათას ტონამდე გაიზარდა. შედეგად

რძის პროდუქტებში ქვეყნის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 77%-დან 68%-მდე შემცირდა.

ერთ სულ მოსახლეზე რძის პროდუქტების წლიური მოხმარება 201 კილოგრამს შეადგენს (დღეში 551 გრამი).

კვერცხის წარმოებაში საპირისპირო ტენდენციაა. ადგილობრივი წარმოება 2022 წლის 655 მილიონი ცალიდან 2025 წლისთვის 693 მილიონ ცალამდე გაიზარდა.

შიდა წარმოების გაფართოებამ საშუალება მისცა ბაზარს, მკვეთრად შეემცირებინა იმპორტი 37 მილიონიდან 28 მილიონ ცალამდე.

  • შედეგი: კვერცხის მიმართულებით საქართველოს თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტმა 98%-ს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი წარმოება შიდა ბაზარს თითქმის სრულად ფარავს.
  • მოხმარება: ერთ სულზე მოსახლეობა წელიწადში საშუალოდ 166 ცალ კვერცხს მოიხმარს.

ანგარიშის მიხედვით, გამოწვევები ფიქსირდება მემცენარეობის ძირითად კულტურებშიც.

კარტოფილის ნათესი ფართობები 2025 წელს 14.3 ათას ჰექტარს შეადგენდა. თუმცა, მოსავლიანობის კლების გამო, კარტოფილის ადგილობრივი წარმოება წინა წელთან შედარებით 6.1%-ით შემცირდა და 207.9 ათასი ტონა შეადგინა. მისი საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 14.5 ტონით განისაზღვრა.

პოზიტიური დინამიკაა ბოსტნეულის მიმართულებით. 2025 წელს ქვეყანაში 146.3 ათასი ტონა ბოსტნეული იწარმოა, რაც 8.9%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. ბოსტნეულის ნათესებმა 10.8 ათასი ჰექტარი დაიკავა.

ანგარიშში ასევე მიმოხილულია სტრატეგიული მარცვლოვანი კულტურების წარმოების მაჩვენებლები:

  • ხორბალი: წარმოება 3.6%-ით შემცირდა და 143.7 ათასი ტონა შეადგინა (ნათესი ფართობი — 49.4 ათასი ჰექტარი).
  • სიმინდი: წარმოებამ 200.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5.3%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. მიუხედავად კლებისა, სიმინდს წლიური კულტურების ნათეს ფართობებში ყველაზე დიდი წილი (35.4%) უჭირავს.
  • ქერი: წარმოება მკვეთრად — 24.8%-ით გაიზარდა და 60.4 ათას ტონას მიაღწია.

რაც შეეხება მრავალწლიან კულტურებს, 2025 წელს ქვეყანამ მიიღო 347.4 ათასი ტონა ყურძენი (ზრდა 8.3%) და 55.0 ათასი ტონა ციტრუსი. ხილის წარმოება (ყურძნისა და ციტრუსის გარეშე) 15.6%-ით შემცირდა და 205.6 ათასი ტონა შეადგინა.

საქსტატის პუბლიკაციაში მოცემული 2025 წლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები ასეთია:

პროდუქტი თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი (%)
ხორბალი 23%
სიმინდი 110%
კარტოფილი 139%
ბოსტნეული 92%
ყურძენი 158%
ხორცი (სულ) 72%
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი 72%
ღორის ხორცი 52%
ცხვრისა და თხის ხორცი 98%
ფრინველის ხორცი 30%
რძე და რძის პროდუქტები 82%
კვერცხი 98%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები