2026 წლის იანვარ-მაისში საქართველომ უცხოეთიდან სულ 7.33 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.9%-ით ნაკლებია. საქსტატის თანახმად, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში საქართველოს იმპორტში პირველ პოზიციას მსუბუქი ავტომობილები იკავებდა, რომლის იმპორტიც წლიურად 20%-ით არის შემცირებული და 1.25 მილიარდ დოლარს შეადგენდა. აღნიშნული კლება თავის მხრივ ავტომობილების რეექსპორტის შემცირებამ განაპირობა, რადგან იანვარ-მაისში საქართველოდან სულ 735 მილიონი დოლარის ღირებულების ავტოექსპორტი განხორციელდა, რაც წლიურად 25%-ით არის შემცირებული.
იმპორტში მეორე პოზიციას ნავთობპროდუქტები იკავებს 636 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 28%-ით არის გაზრდილი. მესამე ადგილზეა მედიკამენტები 296 მილიონი დოლარით, ამ მხრივ მატება 8%-ს შეადგენს. იმპორტში მეოთხე პოზიციაზეა ბუნებრივი აირი 274 მილიონი დოლარით (ზრდა 18%), ხოლო მეხუთე პოზიციას კი ნედლი ნავთობი იკავებს 161 მილიონი დოლარით. ამასთან მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ნედლი ნავთობის იმპორტი წლიურად 76,231%-ით არის გაზრდილი, რაც ქვეყნის პირველი მსხვილმასშტაბიანი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მიერ ოპერირების დაწყებასთან არის დაკავშირებული.
2026 წლის იანვარ-მაისის იმპორტის სტატისტიკა:
| # | საქონელი | იმპორტი მლნ დოლარი | ზრდა/კლება წინა წელთან |
| 1 | მსუბუქი ავტომობილები | $1,251 მილიონი დოლარი; | -20% |
| 2 | ნავთობი და ნავთობპროდუქტები | $636 მილიონი დოლარი; | 28% |
| 3 | სამკურნალო საშუალებები | $296 მილიონი დოლარი; | 8% |
| 4 | ბუნებრივი აირი | $274 მილიონი დოლარი; | 18% |
| 5 | ნედლი ნავთობი | $161 მილიონი დოლარი; | 76231% |
| 6 | მობილური ტელეფონები | $119 მილიონი დოლარი; | 3% |
| 7 | სპილენძის მადნები და კონცენტრატები | $108 მილიონი დოლარი; | 348% |
| 8 | ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები | $65 მილიონი დოლარი; | 38% |
| 9 | დიოდები, ტრანზისტორები, ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოები და მზის პანელები | $61 მილიონი დოლარი; | 373% |
| 10 | სატვირთო ავტომობილები | $61 მილიონი დოლარი; | -20% |
| 11 | დანარჩენი საქონელი – სულ | $4,300 მილიონი დოლარი; | -7% |




























