მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი ავიაკომპანიის თვითმფრინავში არ ვხვდებით მე-13 რიგს და საიდან იღებს სათავეს ეს ცრურწმენა?

13

Euronews-ის თანახმად, მოსახლეობის 40%-ს ფრენის დროს შიშის რაიმე ფორმა უვლინდებათ. ამ ფობიის შესამსუბუქებლად ბევრი მგზავრი სხვადასხვა რიტუალს მიმართავს, იქნება ეს "იღბლიანი" ადგილის შერჩევა, თვითმფრინავის კორპუსზე გარედან შეხება თუ კონკრეტული სამოსის ტარება. მეტიც, ცრურწმენების ნიადაგზე ადგილების გაცვლასთან დაკავშირებული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, ბევრი ავიაკომპანია მე-13 და მე-17 რიგებს საერთოდ ტოვებს.

მაინც, საიდან მოდის ეს პოლიტიკა და რომელი ავიაკომპანიები ითვალისწინებენ მას?

რატომ ითვლება 13 და 17 "თარს" რიცხვებად?

13-ის შიში იმდენად გავრცელებულია, რომ მას საკუთარი სახელიც კი აქვს. სიტყვა "ტრისკაიდეკაფობია", ანუ უკიდურესი ცრურწმენა 13-ის მიმართ, პირველად 1911 წელს, ამერიკულ ფსიქოლოგიურ ჟურნალში გამოჩნდა.

ამ რიცხვის მიმართ მასობრივი ანტიპათიის წარმომავლობა ბუნდოვანია, თუმცა ის ყველაზე მეტად დასავლურ სამყაროშია გავრცელებული.

ქრისტიანული სწავლების თანახმად, იუდა ისკარიოტელი - მოწაფე, რომელმაც იესო ქრისტე გასცა - საიდუმლო სერობის მეცამეტე სტუმარი იყო.

მაიას კალენდარში მე-13 ბაქტუნი (დროის ერთეული, რომელიც დაახლოებით 390 წელს მოიცავს) 2012 წელს, სამყაროს აღსასრულს უნდა დამთხვეოდა.

სხვები 13-ის უიღბლობას სკანდინავიურ მითოლოგიას უკავშირებენ. ლეგენდის თანახმად, ვალჰალაში 12 ღმერთი ნადიმობდა, რა დროსაც დაუპატიჟებლად მივიდა ცბიერი ღმერთი, ლოკი და ისე მოაწყო, რომ ერთ-ერთმა სტუმარმა მეორე მოკლა.

ერთ-ერთი გავრცელებული თეორიის მიხედვით, ამ რიცხვის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოწვეულია იმით, რომ ის მოსდევს 12-ს, რომელიც ხშირად იღბლიან რიცხვად ითვლება.

იტალიაში უიღბლო რიცხვად 17 ითვლება. რომაული XVII-ის გადაადგილებით შესაძლებელია სიტყვა "VIXI”-ს მიღება, რაც ლათინურად ნიშნავს: "ჩემი სიცოცხლე დასრულდა".

უიღბლო რიცხვებს მიეკუთვნება ჩინეთში ციფრი 4, რომლის გამოთქმაც ძალიან ჰგავს ჩინურ სიტყვას "სიკვდილი".

რომელ ავიაკომპანიებში არ ვხვდებით "უიღბლო" რიგებს?

Ryanair, Air France, Singapore Airlines, Cathay Pacific, Qatar Airlines, Emirates, KLM და Iberia გარკვეულ თვითმფრინავებში მე-13 რიგს ტოვებენ. ასე იქცევა გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ც.

"მე-13 და მე-17 რიგები არ არის, რადგან ისინი უიღბლო რიცხვებად ითვლება #სჯობსთავიდავიზღვიოთ", - დაწერა Lufthansa-მ 2017 წელს Twitter-ზე (X).

მე-13 და მე-14 რიგები არ აქვს United Airlines-საც. მე-14 რიგი უიღბლოდ ითვლება, რადგან ჩინურად მისი ჟღერადობა ჰგავს სიტყვას: "მოკვდება".

კიდევ რა ცრურწმენები უკავშირდება ფრენას?

2016 წლის კვლევის თანახმად, მგზავრების დაახლოებით 17% თავს უკეთ გრძნობს, თუ ადგილის დაკავებამდე თვითმფრინავს გარედან შეეხება. ეს ფრენასთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული ცრურწმენაა.

სხვა მონაცემები აჩვენებს, რომ პარასკევს, 13 რიცხვში, გაერთიანებული სამეფოდან ევროპის მიმართულებით ფრენები დაახლოებით 39%-ით იაფია, რადგან ხალხი შიშობს, რომ ამ "ავბედით" დღეს მათ მგზავრობას საფრთხე დაემუქრება.

"თუ ცრურწმენების არ გჯერათ, მაშინ პარასკევს, 13 რიცხვში მოგზაურობით თანხას დაზოგავთ", - განაცხადა ლორ ბორნეტმა, KAYAK-ის ვიცე-პრეზიდენტმა EMEA-ს (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა) რეგიონში.

ცრურწმენებისგან არც პილოტები არიან თავისუფალნი. ონლაინ საავიაციო ფორუმების მიხედვით, ბევრი მათგანი აფრენამდე თვითმფრინავის ფრთებზე აკაკუნებს და ყოველი რეისის წინ იდენტურ საკვებს მიირთმევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები