ელექტრომობილების ეფექტიანობის გასაზომად ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ფაქტორი ის მანძილია, რომლის დაფარვაც ავტომობილს ერთი სრული დამუხტვით შეუძლია. სწორედ ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით არჩევენ მომხმარებლები სასურველ მოდელებს და იღებენ გადაწყვეტილებას, ჩაანაცვლონ თუ არა თავიანთი შიდაწვის ძრავიანი ავტომობილები.
ელექტრომობილების გამავლობა ერთი სტანდარტიზებული საზომით არ იზომება და მწარმოებლები ხშირად თავად განსაზღვრავენ, იდეალურ პირობებში თეორიულად, რა მანძილის გავლა შეუძლია ამა თუ იმ ავტომობილს.
სწორედ აქ ერთვება საქმეში შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტო, იგივე EPA, რომელიც დამოუკიდებლად ტესტავს და აქვეყნებს იმ ავტომობილთა მანძილის დაფარვის დიაპაზონს, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იყიდება. EPA ამ მაჩვენებლებს ლაბორატორიული ტესტირებით ითვლის, რომლებიც მგზავრობის რეალური სცენარების სიმულაციას მოიცავს. ეს თანმიმდევრულობა მომხმარებლებს საშუალებას აძლევთ, სხვადასხვა ელექტრომობილი ერთმანეთს თანაბარ პირობებში შეადარონ. სწორედ ამიტომ, EPA-ს დიაპაზონი ერთგვარ ოქროს სტანდარტად ითვლება, როცა საქმე ახალი ავტომობილის არჩევას ეხება.
ბატარეის ტექნოლოგიის განვითარებამ განაპირობა, რომ ელექტრომობილების მიერ გასავლელი შესაძლო დისტანცია წლიდან წლამდე სტაბილურად იზრდება. დღესდღეობით არსებობს მოდელები, რომლებიც ერთი დამუხტვით 500 კმ-ზე მეტ მანძილს ფარავენ. განვიხილავთ ასეთი ელექტრომობილების ტოპ 5-ეულს.
1. Lucid Air Dream Edition - 837 კმ - $170,650
Lucid Motors-ის “ლაქშერი” ხაზის სედანი Lucid Air Dream რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. ავტომობილს ერთი დამუხტვით 840-მდე კილომეტრის გავლა შეუძლია, რითაც ბაზარზე უკონკურენტოა. მაღალ გამავლობასთან ერთად, Lucid Air-ს თავისი ინტერიერიც გამოარჩევს, რომელიც ხანგრძლივ მგზავრობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. ამ სერიის თითოეული მოდელი შთამბეჭდავი ტექნოლოგიური მახასიათებლებით გამოირჩევა, იქნება ეს მძღოლის დამხმარე სისტემები თუ საინფორმაციო-გასართობი ფუნქციები. მისი ელექტროძრავები კონკურენტ ბრენდებთან შედარებით უფრო პატარა და მსუბუქია, მაგრამ დიდი სიმძლავრით გამოირჩევა. ამ ხაზის ავტომობილის შეძენა, საშუალოდ, $170 ათას დოლარადაა შესაძლებელი.
2. Chevrolet Silverado EV WT (Max) - 793 კმ - $77,795.
მეორე ადგილის Chevrolet Silversdo იკავებს, რომელიც, EPA-ის სტანდარტით, ერთი დამუხტვით 793 კმ-ს ფარავს. Silverado General Motors-მა 2022 წელს წარადგინა, როგორც სრული ზომის ელექტრო პიკაპი. ნაცვლად ბრენდის შიდა წვის ძრავიანი Silverado-ს პლატფორმისა, Chevrolet-მ სპეციალურად ელექტრომობილისთვის ულტიუმის ბატარეის პლატფორმა შექმნა. ყველა მოდელი წინა და უკანა ელექტროძრავებითაა აღჭურვილი, რომლებიც დამოუკიდებელ წინა და უკანა საკიდარს იყენებენ. Chevrolet Silverado ბაზარზე საშუალოდ $77,795 დოლარადაა ხელმისაწვდომი.
3. Lucid Gravity Grand Touring (SUV) - 724 კმ - $94,900
Lucid Motors-ის მორიგი ელექტრომობილი, ამჯერად Lucid Gravity მაღალი გამავლობის ასევე “ლაქშერი” ელექტრო SUV-ია, რომელიც გრძელ დისტანციასა და კომფორტს აერთიანებს. Lucid Gravity-ს სრული დამუხტვით 724 კილომეტრის გავლა შეუძლია, ამასთან ავტომობილი 320-მდე კილომეტრის გასავლელად სულ რაღაც 11 წუთში იმუხტება. ელექტრომობილშია მოთავსებული ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა, მაგალითად 34-ინჩიანი 6K ეკრანი და აუგმენტური რეალობის ინდიკაციის სისტემა საქარე მინაზე. Gravity-ის ყიდვა $95 ათას დოლარადაა შესაძლებელი. მისი სალონი შვიდ მგზავრზეა გათვლილი, ტევადი საბარგული მოდელის მაღალ გამავლობასთან კომბინაციაში კი მას გრძელ მანძილზე სამოგზაუროდ იდეალურ მოდელად აქცევს.
4. Rivian R1T Dual‑Max - 676 კმ - $70,990
კიდევ ერთი პიკაპი, რომელიც რეიტინგში მოხვდა, Rivian R1T Dual-Max-ია, რომელიც 676 კილომეტრს ფარავს. მწარმოებლის აღწერით, R1T მოდელია, რომელიც შექმნილია მუშაობისთვის, მდგრადობისა და თავგადასავლებისთვის. ორმაგი ძრავის მქონე ელექტრო პიკაპი საოჯახო კომფორტსა და პროფესიონალურ off‐road უნარებს აერთიანებს, რაც მას ფუფუნების კატეგორიაში გამორჩეულ მოდელად აქცევს. მანქანის ინტერიერში ვხვდებით 12-ინჩიან ეკრანს მძღოლის ინსტრუმენტების პანელისთვის და 15-იანჩიან ეკრანს საინფორმაციო-გასართობი სისტემის, ნავიგაციის, კლიმატ-კონტროლისა და კომფორტის ფუნქციების სამართავად. აღნიშნული პიკაპი რეიტინგში ყველაზე ხელმისაწვდომია, მისი შეძენა, საშუალოდ, $71 ათას დოლარადაა შესაძლებელი.
5. Tesla Model S Long Range - 660 კმ - $74,990
Tesla Model S Long Range სრულიად ელექტრო სედანიa, რომელიც, როგორც სრულიად ბრენდი, თავისი მოწინავე ტექნოლოგიებითაა ცნობილი. EPA-ის სტანდარტით ავტომობილი საშუალოდ 660 კილომეტრს გადის სრული დამუხტვის შემდეგ. სრულამძრავიანი Model S აღჭურვილია ორმაგი ძრავით, რომელიც 670 ცხენის ძალას გამოიმუშავებს 0-დან 96 კილომეტრ/საათამდე აჩქარებას კი 3 წამში ახერხებს. Tesla ელექტრომობილების ინდუსტრიის ნამდვილი პიონერია და შემთხვევითი არაა, რომ ხუთეული სწორედ ამ ბრენდის წარმოებით იხურება. Model S ამჟამად საშუალოდ $75 ათას დოლარადაა ხელმისაწვდომი.




























