Visual Capitalist-ის 2025 წლის ბოლო მონაცემებით, ინგლისური ენა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ენად რჩება, რომელზეც 1.5 მილიარდზე მეტი ადამიანი საუბრობს.
აღსანიშნავია, რომ ინგლისურენოვანი მოსახლეობის მხოლოდ 26%-ისთვის არის ის მშობლიური ენა, რაც ხაზს უსვამს მის სტატუსს, როგორც გლობალურად "ლინგვა ფრანკას" - საერთაშორისო კომუნიკაციის, ბიზნესისა და მეცნიერების მთავარ ინსტრუმენტს.
მეორე ადგილს ჩინური იკავებს 1.18 მილიარდით, თუმცა ინგლისურისგან განსხვავებით, მისი გავრცელება, ძირითადად, მშობლიურ ენაზე მოსაუბრეთა დიდი რაოდენობითაა გამოწვეული.
ეთნოლოგიური კვლევების თანახმად დადგინდა, რომ ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე არაინგლისურენოვანი მოსახლეობის თითქმის 75% მას მეორე ენად იყენებს, რაც ციფრებში 1.1 მილიარდზე მეტ ადამიანს ნიშნავს.
მშობლიურ ენაზე მოსაუბრეთა მაღალი კონცენტრაციით ესპანური ენაც გამოირჩევა - ამ ენაზე მოსაუბრე 558 მილიონი ადამიანიდან თითქმის 87%-ისთვის ესპანური პირველი ენაა. რაც შეეხება ჰინდის, რომელსაც 609 მილიონი ადამიანი იყენებს, ის ინდოეთის ენობრივი მრავალფეროვნების გამო, თანაბრად არის განაწილებული მშობლიურ და არამშობლიურ ენაზე მოსაუბრეებს შორის.
შეგახსენებთ, რომ ენობრივი დომინაცია პირდაპირ კავშირშია გლობალურ ეკონომიკურ გავლენებსა და კულტურულ ექსპანსიასთან. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინური ენის მზარდი გავლენის მიუხედავად, ინგლისური კვლავ ინარჩუნებს უალტერნატივო პოზიციას საერთაშორისო დიპლომატიასა და ტექნოლოგიურ სექტორში. სიცხადისთვის, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 18.8% ფლობს ინგლისურს, რაც მას პლანეტის ყველაზე ხელმისაწვდომ და საჭირო საკომუნიკაციო საშუალებად აქცევს.




























