მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი კომპანიები მოიხმარენ საქართველოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას - რეიტინგი

ელექტროენერგია

2025 წლის 4 თვეში საქართველომ სულ 4.9 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.1%-ით მეტია. ელექტროენერგიის მიწოდების სტატისტიკის თანახმად, "თელასის"/"თელმიკოს" აბონენტებმა 1.1 მილიონი კილოვატი ელექტროენერგია მოიხმარეს, ხოლო "ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტებმა 1.4 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია. ამ ორ კომპანიაზე მთლიანი მოხმარების 52% მოდის. მათ გარდა, აფხაზეთის ელექტრომოხმარება 988 მილიონ კილოვატ საათს შეადგენდა.

გარდა ამისა, საქართველოში ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად არის რეგისტრირებული 50-ზე მეტი მსხვილი ბიზნესი, რომლებმაც 2025 წლის პირველ 4 თვეში სულ 994 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს.

ამ კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელმაც 176 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, თუმცა მისი მოხმარება წლიურად 39%-ით არის შემცირებული. სანაცვლოდ კი შვიდჯერ არის გაზრდილი იმ კომპანიების მოხმარება, რომლებიც საქართველოში ბიტკოინს გამოიმუშავებენ და ის ჯამურად 246.7 მილიონ კილოვატ საათს შეადგენს. მათ შორის პირველ ადგილზეა შპს "ეიაიტექ სოლუშენი", რომელმაც 100.5 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა. კომპანია ოპერირებს თბილისში, გლდანის დატა ცენტრში. ელექტროენერგიის მოხმარებით მეორე ადგილზეა კომპანია შპს "თი ეფ ზი" სერვისის, რომელმაც 64.9 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა. თავის მხრივ, ეს კომპანია მაინინგით არ არის დაკავებული, თუმცა თიზ-ში არსებული სხვა მაინინგ კომპანიებისთვის ახდენს ელექტროენერგიის მიწოდებას.

2025 წლის პირველ 4 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მომხმარებლების რეიტინგი:

# კომპანია მოხმარებული ელექტროენერგია
1 სს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა 176.2 მილიონი კილოვატ საათი;
2 შპს ბი ეფ დი სი ჯორჯია / შპს ეიაიტექ სოლუშენი 100.5 მილიონი კილოვატ საათი;
3 სს რუსთავის აზოტი 77.8 მილიონი კილოვატ საათი;
4 შპს თი ეფ ზი სერვისის 64.9 მილიონი კილოვატ საათი;
5 შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 60.9 მილიონი კილოვატ საათი;
6 შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია/ შპს ქართული ცემენტი 59.6 მილიონი კილოვატ საათი;
7 სს საქართველოს რკინიგზა 56.5 მილიონი კილოვატ საათი;
8 შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 52.3 მილიონი კილოვატ საათი;
9 შპს რუსთავის ფოლადი 51.5 მილიონი კილოვატ საათი;
10 სს ჰუან ჰი ენერჯი/ტექსპრინტ კორპორეიშენი 49.5 მილიონი კილოვატ საათი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები