ევროპის შუაგულში მდებარე მთაგორიანი შვეიცარია, უმეტესწილად, სამი რამით არის ცნობილი, ესენია: ბანკები, ალპები და საათები. ჟამთაღწერის ინდუსტრია შვეიცარიისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მასზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე მოდის. გასულ წელს შვეიცარიულმა კომპანიებმა $24 მილიარდის საათები გაყიდეს, მიმდინარე წლის ცხრა თვეში კი, ანალოგიური მაჩვენებელი $17.45 მილიარდის ტოლია. გამოდის, რომ შვეიცარიისთვის საათები რიგით მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი საქონელია, ხოლო თავად ინდუსტრია 50,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.
იმ სექტორებს შორის, რომელთაც პანდემიის შემდეგ დიდი ზრდა დააფიქსირეს, ძვირად ღირებული შვეიცარიული საათების ინდუსტრია ერთ-ერთი ლიდერი იყო. პანდემიის დროს შემოღებული ლოკდაუნების გამო მსოფლიოში ფაქტობრივად ყველაფრის წარმოება შეჩერდა, ხოლო მიწოდების ჯაჭვები ჩამოიშალა, რამაც სხვადასხვა ბაზრებზე მიწოდება შეამცირა, ხოლო ძვირად ღირებული ჩანთები, საათები და სამკაული, ანუ ის საქონელი, რომელიც ისედაც ლიმიტირებული რაოდენობით გამოდის, კიდევ უფრო ლიმიტირებული და, შესაბამისად, მოთხოვნადი გახდა და მკვეთრად გაძვირდა.
პანდემიის დროს გაზრდილი ფასები, დროთა განმავლობაში, დასტაბილურდა, ხოლო წამყვანმა ინდექსებმა საშუალოდ 25%-იანი კლება დააფიქსირეს, რაც მიგვანიშნებს, რომ ბაზარი კორექციის ეტაპს გადის. თუმცა მიუხედავად ამისა, კონკრეტული საათების ფასებმა მკვეთრად იმატა და დღესაც ამ ნიშნულს ინარჩუნებს. მაშ, რომელი შვეიცარიული საათები გაძვირდა ყველაზე მეტად გასულ ხუთ წელიწადში? - დღეს, ამ კითხვას ვუპასუხებთ, ანუ მოგიყვებით, თუ რომელი ბრენდების რომელი მოდელები იქცა ფუფუნების იმ საგნად, რომელიც ყველას სურს.
ამ რეიტინგისთვის, მეორადი საათების მსოფლიოს უდიდესი ონლაინმაღაზიის, Chrono24-ის ინდექსის, ChronoPulse-ის მონაცემებს გამოვიყენებთ. თავად ეს ინდექსი, ბოლო ხუთ წელიწადში 24%-ით არის მომატებული, როცა სამწლიან პერსპექტივაში 5.5%-იან კლებას ვხედავთ. 2022 წელს დაფიქსირებული პიკური მაჩვენებლის შემდეგ, ChronoPulse-ის ინდექსმა თითქმის 25%-ით იკლო
#1 — Cartier Santos Carree (Ref. 2961) | + 123.7%
ბოლო ხუთ წელიწადში ყველაზე გაძვირებული საათის სიმბოლური ტიტული მაღალი მოდის ფრანგული გიგანტის, Cartier-ს ფლაგმანური მოდელი, Cartier Santos Carree მოხვდა, რომელიც კომპანიის Santos-ის ხაზის გამგრძელებელია. სიტყვა “carree” ფრანგულად ოთხკუთხედს ნიშნავს და პირველი განსხვავება, რომელსაც ორ მოდელს შორის ვხვდებით, სწორედ ფორმაა. ახალი მოდელი, რომელიც 1980-იანი წლებიდან გამოდის, უფრო სპორტული, მტკიცე და, შეიძლება ითქვას, უხეშია. ამასთან, ის უჟანგავ ფოლდში და ოქროში არის გადაწყვეტილი, რაც ამ საათს Cartier Santos-ის უფრო ნიშურ ალტერნატივად აქცევს. ამ ყველაფრის გამო, Cartier Santos Carree კოლექციონერების ერთ-ერთ საყვარელ საათად იქცა, რომლის ფასმა, ბოლო ხუთ წელიწადში, თითქმის 124%-ით იმატა. დღეს, Chrono24-ზე ამ საათის ფასი $4,500-ის ფარგლებში მერყეობს.
#2 — Vacheron Constantin Overseas (Ref. 42042/423A) | +120.7%
ყველაზე გაძვირებული საათების რეიტინგის მეორე ადგილს შვეიცარიული საათების წმინდა სამებაში შემავალი ბრენდის, Vacheron Constantin-ის ლეგენდარული მოდელი, Overseas იკავებს. მას შემდეგ, რაც Vacheron Constantin-მა 1996 წელს Overseas-ის კოლექციის პირველი მოდელები წარადგინა, ეს საათი ძვირად ღირებული სპორტული საათების ეტალონად იქცა. კონკრეტულად ეს მოდელი, რომელიც უჟანგავ ფოლადში არის გადაწყვეტილი, მკაცრი სპორტული დიზაინით, გამძლეობით და სიზუსტით გამოირჩევა, რაც Vacheron-ის მაღალ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჯის საათი ავტომატური მექანიზმით და არც თუ ისე ბევრი კომპლიკაციით არის აღჭურვილი, მისმა ფასმა, ბოლო ხუთ წელიწადში, 120%-ით იმატა. დღეს, Chrono24-ზე ამ საათის ფასი $14,000-ის ფარგლებში მერყეობს.
#3 — Cartier Santos (Ref. 2319) | +99.2%
გასულ ხუთ წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირებულ საათებს შორის მესამე ადგილი Cartier-ს ლეგენდარულმა მოდელმა, Santos-მა დაიკავა, რომელსაც მაღალი მოდის ფრანგული გიგანტი შვეიცარიაში 1904 წლიდან აწარმოებს. მაჯის საათი, რომელიც, თავდაპირველად, მფრინავებისთვის შეიქმნა, დღეს მაღალი მოდის, სტილისა და სიმდიდრის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება, რომლის დიზაინი ნებისმიერ დროში მოდურად ითვლება. კონკრეტულად ეს მოდელი, რომლის ფასი ბოლო წლებში გაორმაგდა, თეთრ ციფერბლატზე არსებული მკვეთრი რომაული აღნიშვნებით და ცისფერი ისრებით არის ცნობილი. გამომდინარე იქიდან, რომ Cartier მაღალი მოდის კომპანია უფრო არის, ვიდრე საათების მწარმოებელი, Cartier Santos-ის მოდელები, როგორც წესი განსაკუთრებული კომპლიკაციებით არ გამოირჩევა. დღეს, Chrono24-ზე ამ საათის ფასი $5,500-ის ფარგლებში მერყეობს.
#4 — Audemars Piguet Royal Oak (Ref. 14790ST) | +78.8%
ყველაზე მკვეთრად გაძვირებული საათების რეიტინგის შედგენა ისე არ გამოვიდოდა, ჩამონათვალში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მესაათე, Audemars Piguet რომ არ მომხვდარიყო. AP-ის საათებს შორის ერთი, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, რაც დიდწილად იმით არის განპირობებული, რომ მისი დიზაინი ლეგენდარულ შვეიცარიელ არტისტს, ჯერალდ ჯენტას ეკუთვნის. ეს საათი Royal Oak-ია, რომელიც აგრესიული, მაგრამ დახვეწილი ოქტაგონური დიზაინით და ნაირგვარი ციფერბლატებით გამოირჩევა. კონკრეტულად ეს მოდელი, რომელიც ავტომატური მექანიზმით არის აღჭურვილი, ტრადიციულ Royal Oak-ზე უფრო პატარაა, ანუ ყოველდღიურად ის უფრო გამოსადეგია. ამიტომაცაა, რომ ბოლო ხუთ წელიწადში, ეს საათი თითქმის 80%-ით გაძვირდა. დღეს, Chrono24-ზე ასეთი Royal Oak-ის ფასი $30,000-ის ფარგლებში მერყეობს.
#5 — Cartier Tank Louis (Ref. W1529856) | +75.6%
გაძვირებულ საათებს შორის უდავოდ Cartier ლიდერობს, რადგან ხუთიდან სამი პოზიცია, სწორედ ამ ფრანგულ-შვეიცარიულ ბრენდს ეკუთვნის. ყველაზე გაძვირებული საათების რეიტინგის მეხუთე ადგილი Cartier Tank Louis-მა დაიკავა, რომლის ფასი ბოლო ხუთ წელიწადში 75%-ითაა მომატებული. Cartier-ს ეს მოდელი ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ მაჯის საათად ითვლება, რომელიც შვეიცარიაში ოდესმე შეუქმნიათ. ის ოქროში გადაწყვეტილი ოთხკუთხედი კარკასით, ხელით მოსამართი მექანიკური მექანიზმით და მინიმალისტური, მაგრამ მედიდური დიზაინით გამოირჩევა, რომლითაც ის კოლექციონერები ინტერესდებიან, რომელთაც მაჯის ხელოვნების ნიმუშები აინტერესებთ. Cartier Tank Louis ძალიან თხელი საათია, რომელიც იდეალურად ერგება მამაკაცის ფორმალურ სამოსს. დღეს, Chrono24-ზე ასეთი Royal Oak-ის ფასი $9,000-ის ფარგლებში მერყეობს.