მსოფლიოში, მსხვილი კორპორაციებისა და თუ მცირე კომპანიების მხრიდან კორპორაციული პასუხისმგებლობის საკითხი სულ უფრო ვითარდება და ხშირ შემთხვევაში ბიზნეს სტრატეგიის ნაწილად იქცევა. გამონაკლისი არც საქართველოა. ამის ერთ-ერთი დასტური „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოა“. ის გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, შვედეთის მთავრობის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მხარდაჭერითა და ევროკავშირთან თანამშრომლობით, ქვეყანაში უკვე მეოთხედ იმართება. კონკურსი მიზნად ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის ხელშეწყობას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას ისახავს.
რამდენიმე დღის წინ კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსის დაჯილდოება „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის 2021“ გაიმართა, რომელზეც გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ. მათ შორის ქვეყანაში წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი „საქართველოს ბანკი“ იყო, რომელმაც ჯილდო ორ ნომინაციაში - "ხარისხიანი განათლება" და "ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა" მიიღო.
რას ნიშნავს „საქართველოს ბანკისთვის“ კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით 2 ჯილდოს მიღება და როგორია CSR-ის განვითარების კუთხით ბანკის სტრატეგია - BM.GE-ის ამ კითხვებს „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა უპასუხა, რომლის თქმითაც, ბანკს კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით მრავალი წლის განმავლობაში 100-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული.
- პირველ რიგში, რომ გვითხრათ რას ნიშნავს ეს ჯილდო ბანკისთვის და რა მნიშვნელობას ანიჭებს ბანკი კორპორაციული პასუხისმგებლობის საკითხს?
„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი მნიშვნელობანი სტრატეგიული მიმართულება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობაა. მრავალი წლის განმავლობაში ამ კუთხით 100-ზე მეტი პროექტი განხორციელდა და კიდევ ბევრი დაგეგმილია. „საქართველოს ბანკი“ გლობალური შეთანხმების მსოფლიო ასოციაციის წევრია, რომლის ორგანიზებით გამართულ კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსშიც 2 ჯილდო მოვიპოვეთ. კონკურის ნომინაციები სრულ შესაბამისობაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან, რაც ასევე არის „საქართველოს ბანკის“ CSR სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი.
- მნიშვნელოვანია, რომ ბანკმა ეს ჯილდო ორ ნომინაციაში მიიღო. ჩვენ ვიცით, რომ საგანმანათლებლო პროექტებს აქტიურად ახორციელებთ. როგორია ამ მიმართულებით ბანკის აქტიურობის შედეგები?
„საქართველოს ბანკის“ CSR-ის სამი ძირითადი უცვლელი პრიორიტეტია: განათლება, დასაქმება, ბიზნესის მხარდაჭერა. სწორედ ზემოთდასახელებული სტრატეგიული მიმართულებიდან ორში დავიმსახურებთ Global Compact-ის ჯილდო. კონკრეტულად ამ ნომინაციაზე, განათლების კუთხით, იდეათეკის პროექტი წარვადგინეთ, რაც რეგიონის საჯარო სკოლებში მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების მოწყობას გულისხმობს, განსაკუთრებით საზღვრისპირა სოფლებსა და ეთნიკურად დასახლებულ რეგიონებში. დღეს იდეათეკა უკვე 6 რეგიონის 8 სკოლაში ფუნქციონირებს, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით და განათლებისთვის საჭირო ყველა რესურსითაა აღჭურვილი. ამის გარდა, ბანკი წლებია ახალგაზრდებს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ისეთი სასტიპენდიო პროგრამებით, როგორიცაა ფულბრაიტი - ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩივნინგი - დიდ ბრიტანეთში, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Europe -ში ბერლინში. ასევე , საქართველოში - სან დიეგოს უნივერსიტეტში.
იმ გამოწვევების საპასუხოდ კი, რაც პანდემიის პერიოდში დადგა, „საქართველოს ბანკმა“, როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე სტუდენტებს დისტანციურად განათლების მიღების შესაძლებლობა და ინსტრუმენტები შესთავაზა. ესაა Zoom education ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის და „წიგნების თაროს სკოლა“ სკოლის მოსწავლეებისთვის. ამ პერიოდში დისტანციურ განათლებაზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით საჭირო გახდა. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა საქველმოქმედო პლატფორმა- „ჩართესთან“ თანამშრომლობით, სოციალურად დაუცველი ბავშვები უწყვეტი ინტერნეტით უზრუნველყო.
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის განხორციელებულ პროექტებს, უნდა აღვნიშნოთ, სოციალური მეწარმეობის საგრანტო კონკურსი, რომელიც გულისხმობს ისეთი ბიზნესების გაძლიერებას, რომელსაც სოციალური მიზანი გააჩნია. რაშიც დავიმსახურეთ კიდეც ჯილდო. ამის გარდა, ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, ბანკი არაერთ პროგრამას ახორციელებს როგორიცაა 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა, ბიზნესკურსის უფასო პროგრამა ბიზნესის წარმომადგენლებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის და მრავალი სხვა.
- ბანკის მთავარი სლოგანია „არ გაჩერდე“ - შესაბამისად, ვიცით, რომ მიღწევების მიუხედავად ბანკი სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას და პროგრამების განხორციელებას განაგრძობს. როგორია „საქართველოს ბანკის" გეგმები განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით?
„საქართველოს ბანკის“ ყველა პროექტი გრძელვადიანია, შესაბამისად, ყველა ის პროექტი რომელსაც ბანკი განათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მხარდაჭერისთვის ახორციელებს კვლავ გაგრძელდება. ასევე, იმისთვის რომ ახალგაზრდებს კარიერულ განვითარებაში ხელი კიდევ უფრო შევუწყოთ, არაერთი პროექტი იგეგმება; ასევე ვეცდებით კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მივცეთ წვდომა განათლებაზე, რათა მათ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად შეძლონ რეალიზება.
რაც შეეხება ბიზნესის მხარდაჭერას, საქმიანობიდან გამომდინარე, ბიზნესის წახალისება და მოტივაცია, ასევე, გაძლიერება იყო, არის და იქნება „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტი. ამ მიმართულებითაც არ ვჩერდებით და ბევრ საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ.




























