რომელი ქართული კომპანიები ვაჭრობენ ირანთან ყველაზე მეტს? ამის შესახებ ინფორმაცია BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის პირველ ნახევარში ირანიდან უმსხვილეს იმპორტიორთა ათეულში მოხვდნენ: ინდივიდუალური მეწარმე იასერ კაში თოროგჰი, „ბროლი“, „ეი-ბი-ეფ“, „ზელდა თრეიდინგი“, „ლაქი სთილი“, „ლიდერ პლასტიკი“, „ფოლადის სახლი“, „ჯეოფექი“ და „ჰარვესთ 2024“. აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში „ფოლადის სახლი“ ორჯერ ფიგურირებს, სხვადასხვა საიდენტიფიკაციო კოდით.
რაც შეეხება ირანში ექსპორტს, უმსხვილეს ექსპორტიორთა ათეულში შედიან: „ბი თუ ბი“, „გლობალ აუტო იმპორტი“, „გრანდი 2022“, „ელოის ენდ მინერალს ინტერნეიშენალი“, „ვესტ 5585“, „კავკასიის ავტოიმპორტი“, „რამ პოლიტეკქსი“, „ტავი“, „ფოლადის სახლი“ და „ქარსინდიგო გე“.
საქსტატი განმარტავს, რომ როგორც ექსპორტიორების, ისე იმპორტიორების ჩამონათვალი რეიტინგის მიხედვით დალაგებული არ არის და მხოლოდ იმ უმსხვილესი კომპანიების ათეულს ასახავს, რომლებიც 2026 წლის იანვარ-ივნისში ირანთან საგარეო სავაჭრო ოპერაციებს ახორციელებდნენ.
ცნობისთვის მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში ირანთან ვაჭრობამ 231 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს (139 მლნ აშშ დოლარი). აღნიშნული მკვეთრი ზრდა ექსპორტის მატებამ განაპირობა, რამაც წელს 106 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, გასულ წელს მხოლოდ 14,6 მლნ აშშ დოლარი იყო. იმპორტიც გაზრდილია თუმცა უმნიშვნელოდ. წელს ირანიდან 124,5 მლნ აშშ დოლარის საქონელი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 124,4 მლნ აშშ დოლარის.




























