მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყანა ფლობს ყველაზე მეტ სავალუტო რეზერვს?

რეზერვები

ცენტრალური ბანკის რეზერვები, რომელსაც ხშირად, როგორც ქვეყნის ფინანსურ ფარს, ისე აღიქვამენ, უცხოურ ვალუტებს, ოქროსა და სხვა ლიკვიდურ აქტივებს მოიცავს. ეს რეზერვები ეროვნული ვალუტების სტაბილიზაციასა და ფინანსური კრიზისების დროს ეკონომიკის დაცვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

რეზერვის მასშტაბი კი განსაზღვრავს, თუ რამდენად მდგრადია ეკონომიკა შოკების მიმართ და რა გავლენა აქვს გლობალურ ბაზრებზე.

World Factbook-ის შეფასებით, მსოფლიოში ყველაზე დიდი მოცულობის რეზერვები ჩინეთის ცენტრალურ ბანკს აქვს და ეს რიცხვი 3.5 ტრილიონ დოლარს აღწევს, რაც სხვა ქვეყნების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. the economics review-ის მონაცემებით, ეს ფაქტი ჩინეთის მუდმივ სავაჭრო პროფიციტს უკავშირდება - ანუ, როდესაც ქვეყანაში შესული უცხოური ვალუტა გაცილებით მეტია, ვიდრე გასული.

იმისთვის, რომ ჩინეთის ეროვნული ვალუტა - იუანი, ზედმეტად არ გამყარდეს, ქვეყნის სახალხო ბანკი უცხოური ვალუტის ბაზარზე ერევა - უცხოურ ვალუტას ყიდულობს, რითაც შიდა ბაზარზე ფულის მიწოდებას ზრდის.

ინფლაციური ზეწოლის შესამცირებლად ჩინეთი ასევე, ეგრეთ წოდებულ "სტერილიზაციის" სტრატეგიას იყენებს, რაც საპირისპირო მონეტარული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს, რათა ფულად ბაზარზე ჩარევის გავლენა განეიტრალდეს.

რიეტინგში მომდევნო - ყველაზე დიდი რეზერვის მქონე ქვეყანა იაპონიაა 1,2 ტრილიონი დოლარით. ტოკიოში მოქმედი იაპონიის ბანკი უცხოურ ვალუტებს და აშშ დოლარის აქტივებს წლების განმავლობაში აგროვებდა, რათა იენის სტაბილურობა შეენარჩუნებინა და მისი ზედმეტი გამყარება თავიდან აეცილებინა, რადგან იენის გაძლიერება ექსპორტზე დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკას საფრთხეს უქმნის.

ამერიკის შეერთებულ შტატებს წინა მორბედებთან მიმართებით შედარებით მცირე სავალუტო რეზერვები აქვს, თუმცა 910 მილიარდი დოლარის ოდენობის რეზერვით, მაინც რეიტინგის მესამე პოზიციას იკავებს. იმის მიზეზი, რომ ჩინეთი და იაპონია მას საგრძნობლად უსწრებენ შემდეგია - დოლარი გლობალურ სარეზერვო ვალუტას თავად წარმოადგენს, ამიტომ შეერთებულ შტატებს სხვა ვალუტების მასშტაბური დაგროვების საჭიროება ნაკლებად აქვს.

მომდევნო ქვეყანა შვეიცარიაა - 909 მილიარდი დოლარის რეზერვით. 2008 წლის გლობალური კრიზისის შემდეგ შვეიცარიულ ფრანკზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა - როგორც "უსაფრთხო თავშესაფარ" ვალუტაზე, რამაც მისი გამყარება გამოიწვია. ეს კი მნიშვნელოვანი პრობლემა გახდა, რადგან ფასებს ამცირებს და დეფლაციის რისკს ქმნის. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად კი შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტების შესყიდვა დაიწყო, რათა ფრანკის გამყარება შეენელებინა - რის შედეგადაც რეზერვების მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა.

და ტოპ ხუთეულს ინდოეთი ასრულებს. ამ ქვეყნის ცენტრალური ბანკის რეზერვების მოცულობა 643 მილიარდ დოლარს შეადგენს. რეალურად, ინდოეთი ბოლო წლებში, რეზერვების ზრდის მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშეა, რაც ძლიერი ეკონომიკური ზრდით, მზარდი ექსპორტით და უცხოური ინვესტიციების შედინებითაა განპირობებული. ინდოეთის მთავრობა და ცენტრალური ბანკი რეზერვებს ეროვნული ვალუტის - რუპიის სტაბილიზაციისა და იმპორტირებული ენერგორესურსების ფასების მერყეობისგან დასაცავად აქტიურად იყენებენ.

საერთო ჯამში, მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საკუთრებაში არსებული რეზერვების მოცულობა 2024 წელს, დაახლოებით, 13 ტრილიონ დოლარს აღწევდა. საქართველოს უახლოეს სტატისტიკას რომ შევეხოთ კი, ქვეყნის სავალუტო რეზერვები სექტემბრის ბოლოსთვის 5.42 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები