30 იანვრის საღამოს, ისტორიული რეკორდების დევნის შემდეგ, ოქრომ და ვერცხლმა მიმდინარე აღმასვლის პერიოდში ყველაზე მკვეთრი დღიური ვარდნა განიცადეს. აშშ დოლარის გამყარება და ბაზრებზე მზარდი ნერვიულობა ფასების ორნიშნა ვარდნას იწვევს, რაც განსაკუთრებით ვერცხლს შეეხო.
კერძოდ, მას შემდეგ, რაც ბოლო დღეებში ნიშნულმა უნციაზე 110 დოლარს საგრძნობლად გადააჭარბა, 30 იანვარს, დღის განმავლობაში ვერცხლი დაახლოებით 13%-ით გაუფასურდა. ამჟამად ფასი უნციაზე 100 დოლარის ნიშნულის ქვემოთ ან მის გარშემო მერყეობს.
მანამდე თეთრი ლითონის ფასის აღმასვლა ეკონომიკური და გეოპოლიტიკური რისკებით, ასევე საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინით იყო განპირობებული.
VisualCapitalist-ის ვიზუალიზაცია ვერცხლის მწარმოებელ მსოფლიოს უმსხვილეს ქვეყნებს გამოყოფს და აჩვენებს, თუ სად არის კონცენტრირებული გლობალური მიწოდება. მონაცემები ეყრდნობა აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) "მინერალური საქონლის 2025 წლის შემაჯამებელ ანგარიშს", რომელიც 2024 წლისთვის ვერცხლის მოპოვების სავარაუდო მაჩვენებლებს ასახავს.
ძირითადი მიგნებები:
-
მექსიკა გლობალურად ვერცხლის წარმოებაში ლიდერობს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ცნობილი მარაგების მხოლოდ 6%-ს ფლობს.
-
"ვერცხლის ინსტიტუტის" პროგნოზით, 2025 წელს ვერცხლის ბაზარი ზედიზედ მეხუთე წელს დაასრულებს დეფიციტით, ხოლო კუმულაციური დეფიციტი თითქმის 820 მილიონ უნციას მიაღწევს.
ვერცხლის უმსხვილესი მწარმოებლები მსოფლიოში
| # | ქვეყანა | წარმოება (ტონა) |
|---|---|---|
| 1 | მექსიკა | 6,300 |
| 2 | ჩინეთი | 3,300 |
| 3 | პერუ | 3,100 |
| 4 | ბოლივია | 1,300 |
| 5 | პოლონეთი | 1,300 |
| 6 | ჩილე | 1,200 |
| 7 | რუსეთი | 1,200 |
| 8 | აშშ | 1,100 |
| 9 | ავსტრალია | 1,000 |
| 10 | ყაზახეთი | 1,000 |
| 11 | არგენტინა | 800 |
| 12 | ინდოეთი | 800 |
| 13 | შვედეთი | 400 |
| 14 | კანადა | 300 |
| -- | სხვა ქვეყნები | 2,100 |
| მსოფლიო | 25,000 |
2024 წელს ვერცხლის მსოფლიო წარმოებამ დაახლოებით 25 000 ტონა შეადგინა.
მექსიკა კვლავ მსოფლიოში ვერცხლის უმსხვილეს მწარმოებლად დარჩა. ქვეყანა ამ პოზიციას ათწლეულებია ინარჩუნებს, რასაც ხელს უწყობს ფართო სამთო ინფრასტრუქტურა და მაღალი ხარისხის საბადოები. აღსანიშნავია, რომ მექსიკა იმაზე გაცილებით მეტ ვერცხლს აწარმოებს, ვიდრე რეზერვებში მისი წილი (მსოფლიო მარაგების მხოლოდ 6%) მიანიშნებს.
ჩინეთმა გლობალურად მეორე ადგილი დაიკავა და 2024 წელს დაახლოებით 3 300 ტონა ვერცხლი აწარმოვა. ამ მოცულობის დიდი ნაწილი ძირითადი ლითონების (განსაკუთრებით ტყვიისა და თუთიის) ფართომასშტაბიანი მოპოვების თანამდევი პროდუქტია.
მას მცირედით ჩამორჩა პერუ, დაახლოებით 3 100 მეტრიკული ტონით, რითაც გლობალურ ვერცხლის ბაზარზე სამხრეთ ამერიკის მნიშვნელობა განამტკიცა.
ეს სამი ქვეყანა ერთად ვერცხლის გლობალური წარმოების ნახევარზე მეტს შეადგენს.
გარდა წამყვანი მწარმოებლებისა, ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა ბოლივია, პოლონეთი, ჩილე, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, თითოეულმა 1 100-დან 1 300-მდე მეტრიკული ტონა აწარმოვეს. მნიშვნელოვანი მოცულობები მოიპოვეს ავსტრალიამ, ყაზახეთმა, არგენტინამ და ინდოეთმაც.




























