მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი ქვეყნები ფლობენ ყველაზე დიდი რაოდენობის ნავთობს? - TOP-10 ქვეყანა

ნავთობი

ნავთობის დადასტურებული მარაგების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს მრავალი წელია ვენესუელა ინარჩუნებს, სადაც OPEC-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად 303.2 მილიარდი ბარელი წიაღისეული საწვავი ინახება.

ვენესუელური შავი ოქროს მარაგების უდიდესი ნაწილი ორინოკოს სარტყელში, ქვეყნის ცენტრალური რეგიონიდან ჩრდილოეთით მდებარეობს. რამდენიმე მთავარ მიზეზს შორის, თუ რატომ ვერ ახერხებს ქვეყანა დღიურად მილიონზე მეტი ბარელის წარმოებას, საერთაშორისო სანქციები და გადასამუშავებელი ინფრასტრუქტურის არასაკმარისი რაოდენობა სახელდება. არცერთი ეს დასახელებული მიზეზი არ ეხება საუდის არაბეთს, რომელიც სიაში მეორე ადგილზეა და დადასტურებულად 267.2 მილიარდ ბარელ ნავთობს ფლობს. ეს სპარსეთის ყურის სახელმწიფო რჩება იდეალურ მაგალითად, თუ როგორ შეუძლია ქვეყანას, გახდეს ნავთობის მიწოდების გლობალური ლიდერი, როცა ქვეყნის შიდა თუ საგარეო პოლიტიკას ფრთხილად ატარებს და ამასთან, სწორად იყენებს სტრატეგიულ მდებარეობას.

ამ კუთხით სრულიად სხვა მოცემულობის წინაშე დგას ირანი, ქვეყანა, რომელსაც საუდის არაბეთისგან იგივე სპარსეთის ყურე ყოფს და აქვს პოტენციალი, იყოს მიწოდების კუთხით წამყვანი სახელმწიფო, თუმცა საერთაშორისო სანქციები და შიდა პოლიტიკა ქვეყანას შესაძლო პარტნიორების გარეშე ტოვებს. OPEC-ის მონაცემებით, ეს ახლო აღმოსავლური ქვეყანა 208.6 მილიარდის დადასტურებულ ნავთობის მარაგებს ფლობს, რაც მას ათეულში მე-3 ადგილზე აყენებს.

ახლო აღმოსავლეთის კიდევ ერთი სახელმწიფო, რომელიც ამ სიაში ხვდება და ესაზღვრება როგორც მე-3, ისე მე-2 ადგილოსან ქვეყნებს - ერაყია. სახელმწიფო, რომელშიც ნავთობს წლების განმავლობაში როგორც ამერიკული, ისე რუსული ნავთობ-გიგანტები მოიპოვებდნენ, თუმცა გასული წლის შემოდგომაზე, ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის მიერ Lukoil-ისა და Rosneft-ის დასანქცირების ფონზე გაჩნდა შესაძლებლობა, რომ წამყვანი ერაყული ნავთობ-საბადო Qurna 2 თითქმის სრულად ამერიკული კომპანიების ხელში გადავიდეს. ეს სახელმწიფო ამჟამად 145 მილიარდის დადასტურებულ შავ ოქროს ფლობს, რაც მას სიაში მე-4 ადგილზე აყენებს. მე-5 და მე-6 ადგილებს ყურის ორი სახელმწიფო, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ქუვეითი იკავებენ. ამ სახელმწიფოებს გამოარჩევთ არამარტო ის, რომ დადასტურებულ ნავთობის მარაგებთან შედარებით საკმაოდ მცირე ზომისანი არიან, არამედ ისიც, თუ როგორ იყენებენ საკუთარ რესურსებს. ორივე ქვეყანა აქტიურად ყიდის ნავთობს, თუმცა, პარალელურად, ცდილობს შემოსავლების გზების დივერსიფიცირებას, რისთვისაც მსოფლიოს მასშტაბით არაერთ საინვესტიციო პროექტს ახორციელებენ. OPEC-ის ამჟამინდელი მოცემულობით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს 113 მილიარდი ბარელი დადასტურებული ნავთობის მარაგები აქვს, ქუვეითს კი 101.5 მილიარდის.

სიაში მე-7 ადგილზე რუსეთია. მსოფლიოს ყველაზე დიდი სახელმწიფო, რომლის ნავთობის მარაგების უდიდესი ნაწილიც ქვეყნის ჩრდილოეთით, მათ შორის, დასავლეთ ციმბირში, ასევე ურალშია თავმოყრილი. სიაში მყოფი სხვა სახელმწიფოების მსგავსად, რუსეთის ეკონომიკაც საკმაოდ არის დამოკიდებული ნავთობის ექსპორტზე. ქვეყნისთვის გასაღების მთავარი ბაზარი წლების განმავლობაში ევროპა იყო, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ კრემლს ყურადღების ჩინეთისა და ინდოეთისაკენ მოუწია. ამჟამად რუსეთს 80 მილიარდი ბარელი დადასტურებული ნავთობის მარაგები აქვს. მე-8 ადგილზე ლიბიაა. 10-ეულში მყოფი ორი აფრიკული სახელმწიფოდან ერთი, რომელიც, OPEC-ის მონაცემებით, 48.4 მილიარდის მარაგებს ფლობს. 2025 წელს ლიბიამ ნავთობის ექსპორტის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც დღეში 1.4 მილიონ ბარელს უდრის. ჯამურად, ბოლო 12 თვეში ქვეყანამ $22 მილიარდის პროდუქცია გაყიდა, რაც ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის 95%-ს უდრის და ბიუჯეტში შესული თანხის 90%-ს შეადგენს.

ნავთობის მარაგებით მე-9 ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია. სახელმწიფო, რომელიც დადასტურებულად მხოლოდ 45 მილიარდ ბარელს ფლობს, თუმცა მისი წარმოების კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზე რჩება. ამას ქვეყნის განვითარებული ენერგო-სექტორი განაპირობებს, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა სახის არამარტო ადგილობრივი, არამედ იმპორტირებული ნავთობის გადამუშავებაც. ათეულში ბოლო ადგილზეა, თუმცა აფრიკაში რიგით მე-2 ყველაზე დიდ მარაგებს ფლობს ნიგერია, რომლის ტერიტორიაზეც დადასტურებულად 37.3 მილიარდი ბარელის მოპოვებაა შესაძლებელი. ამ სახელმწიფოს შემოსავლები შავი ოქროს ექსპორტზე საგრძნობლად დგას და ხელისუფლება 2026 წელს ამ მასშტაბების დამატებით გაზრდასაც გეგმავს. კერძოდ, წლის ბოლომდე ნავთობის ექსპორტმა დღეში 1.8 მილიონ ბარელს უნდა მიაღწიოს, ამისთვის კი როგორც ადგილობრივად, ისე საერთაშორისო კომპანიების მიერ $16 მილიარდის ინვესტიციების მოზიდვაა დაგეგმილი.

ნავთობის უდიდესი დადასტურებული მარაგების მქონე ქვეყნები ათეული:

1. ვენესუელა: 303.2 მლრდ

2. საუდის არაბეთი: 267.2 მლრდ

3. ირანი 208.6 მლრდ

4. ერაყი 145 მლრდ

5. არაბთა გაერთიანებული საამიროები: 113 მლრდ

6. ქუვეითი: 101.5 მლრდ

7. რუსეთი: 80 მლრდ

8. ლიბია: 48.4 მლრდ

9. ამერიკის შეერთებული შტატები: 45 მლრდ

10. ნიგერია: 37.3 მლრდ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები