სავალუტო რეზერვები ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილურობის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. უცხოური ვალუტის რეზერვი ბუფერს წარმოადგენს, რომელიც ეკონომიკური კრიზისების და საგარეო შოკების პერიოდში ერთგვარ მაბალანსებელ ფუნქციას ასრულებს. არსებობს რეზერვების შეფასების სხვადასხვა ინდიკატორი, მათ შორის აჭარბებს თუ არა ის ქვეყნის მინიმუმ 3 თვის იმპორტის მაჩვენებელს, ასევე ქვეყნის მოკლევადიან ვალდებულებებს.
ცენტრალური ბანკებისთვის აშშ დოლარი წამყვანი სარეზერვო ვალუტაა, რომელშიც მსოფლიოს სავალუტო რეზერვების 59% არის ნომინირებული, ევროს წილი 20%-ია, იაპონური იენის წილი არის 5.5%, გირვანქა სტერლინგის 5%, ჩინური იუანის 2.6%, კანადური დოლარის 2.4%, ავსტრალიური დოლარის კი 2%.
მსოფლიოში ყველაზე დიდი სავალუტო რეზერვები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას აქვს, რომლის რეზერვებიც 3.1 ტრილიონ დოლარს აღემატება. მეორე ადგილზეა იაპონია 1.2 ტრილიონი დოლარით, მესამეზე კი შვეიცარია 830 მილიარდი დოლარით.
20 უმსხვილესი სავალუტო რეზერვების მქონე ქვეყანა:
- ჩინეთი - 3.11 ტრილიონი დოლარი
- იაპონია - 1.25 ტრილიონი დოლარი
- შვეიცარია - 830 მილიარდი დოლარი
- ინდოეთი - 586 მილიარდი დოლარი
- რუსეთი - 575 მილიარდი დოლარი
- ტაივანი - 561 მილიარდი დოლარი
- საუდის არაბეთი - 439 მილიარდი დოლარი
- ჰონგ კონგი - 421 მილიარდი დოლარი
- სამხრეთ კორეა - 412 მილიარდი დოლარი
- ბრაზილია - 344 მილიარდი დოლარი
- სინგაპური - 337 მილიარდი დოლარი
- გერმანია - 301 მილიარდი დოლარი
- ამერიკის შეერთებული შტატები - 239.5 მილიარდი დოლარი
- იტალია - 232 მილიარდი დოლარი
- საფრანგეთი - 229 მილიარდი დოლარი
- მექსიკა - 209 მილიარდი დოლარი
- ისრაელი - 191 მილიარდი დოლარი
- ტაილანდი - 190 მილიარდი დოლარი
- დიდი ბრიტანეთი - 183 მილიარდი დოლარი
- პოლონეთი - 180.7 მილიარდი დოლარი.
საგულისხმოა გარემოება, რომ აშშ იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკაა, სავალუტო რეზერვების მოცულობით პირველ ათეულში არ შედის, ეს უკავშირდება აშშ-ის სახელმწიფო ვალის კომპოზიციას, რომელიც თავის მხრივ აშშ დოლარში არის ნომინირებული ასევე ფაქტს, რომ სწორედ აშშ ამარაგებს მსოფლიოს მთავარი სარეზერვო ვალუტით.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებს, მისი ზომა 4.85 მილიარდ დოლარს შეადგენს.