ერის პრიორიტეტების იდენტიფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა მისი ხარჯებისთვის თვალყურის დევნებაა და გამონაკლისს, არც სამხედრო ხარჯების ანალიზი წარმოადგენს. ჩვეულებრივ, სამხედრო ხარჯები აბსოლუტური ოდენობით იზომება და ფასდება.
მაგალითად, 2021 წელს მსოფლიოს ქვეყნებმა სამხედრო შეიარაღებაზე ერთობლივად 2.1 ტრილიონი დოლარი დახარჯეს. ამ დანახარჯში ყველაზე დიდი წილი აშშ-სია, რაც 801 მილიარდი დოლარით განისაზღვრება. მას 293 მილიარდიანი დანახარჯით ჩინეთი მოსდევს, ხოლო მესამე პოზიციაზე ხვდება ინდოეთი, რომლის თავდაცვის ბიუჯეტიც 77 მილიარდი დოლარით განისაზღვრება.
თუმცა, ამა თუ იმ ქვეყნის სამხედრო ხარჯებს თუ იმის მიხედვით დავითვლით, თუ რა წილი აქვს მას ამ ქვეყნების ეკონომიკაში, მაშინ სურათი სრულიად იცვლება. სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტმა 158 ქვეყნის სამხედრო ხარჯები შეისწავლა და გაანალიზა, თუ რა პროცენტულ წილს შეადგენს ეს ხარჯები ამ ქვეყნების მთლიან შიდა პროდუქტში.
როგორც ირკვევა, ამ ქვეყნებიდან მშპ-ს 5%-ზე მეტს მხოლოდ 7 ქვეყანა ხარჯავს, მათ შორის კი, პირველ ადგილს უკრაინა იკავებს. მართალია, ქვეყანა 2018 წლიდან 2021 წლამდე მშპ-ს მხოლოდ 3.2%-3.8%-ს ხარჯავდა სამხედრო შეიარაღებაზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთმა იქ ომი დაიწყო, ცხადია უკრაინას სამხედრო ხარჯების გაზრდა მოუწია. ამჟამად, ის თავდაცვაზე მთლიანი ეკონომიკური წარმოების 9,46%-ს გამოყოფს.
მეორე ადგილს საუდის არაბეთი იკავებს, რომელმაც სამხედრო ხარჯებისთვის ქვეყნის ეკონომიკის 8.19%-ი გაიღო. 8.11%-იანი მაჩვენებლით მესამე პოზიციაზე ხვდება ომანი, 5.88 პროცენტით მეოთხე ადგილზე კატარია, ხოლო რეიტინგის ხუთეულს ალჟირი ხურავს, რომელიც სამხედრო ხარჯებზე მთლიანი შიდა პროდუქტის 5.70%-ს ხარჯავს.
რაც შეეხება ჩვენს რეგიონს. იმ ქვეყნების ათეულში, რომლებიც სამხედრო შეიარაღებაზე მშპ-ს ყველაზე დიდ წილს ხარჯავენ, 4,53%-იანი მაჩვენებლით სომხეთი და აზერბაიჯანი ხვდებიან, რუსეთი კი 3.98%-იანი დანახარჯით მე-12 ადგილს იკავებს. რაც შეეხება საქართველოს, როგორც აღმოჩნდა, ჩვენი სამხედრო დანახარჯი მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 1.91%-ია და ამ მაჩვენებლით 66-ე პოზიციაზე ვხვდებით.
აღსანიშნავია, რომ თავდაცვაზე საშუალო, მშპ-ს 2%-დან 5%-მდე დანახარჯი 44 ქვეყანას აქვს, მათ შორის არიან ისეთი ქვეყნებიც, რომლებიც დიდი სამხედრო ბიუჯეტით არიან ცნობილები, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები. აღმოჩნდა, რომ ქვეყანა, რომელიც გლობალურად თავდაცვაზე ყველაზე მეტს ხარჯავს, მისი ეს ხარჯი მთლიანი შიდა პროდუქტის, მხოლოდ 3.48%-ია და ამ მაჩვენებლით ის მე-17 ადგილზე ხვდება.
პროცენტულად მშპ-ს წილის მიხედვით დანახარჯით სახარბიელო მაჩვენებელი არც ინდოეთს აქვს და ამ შემთხვევაში ის 2.58%-იანი მაჩვენებლით 34-ე პოზიციაზე ინაცვლებს.
რაც შეეხება დაბალ სამხედრო ხარჯებს, რაც მშპ-ს 0%-2%-მდე განისაზღვრება, სულ 107 ქვეყანას აქვს და ამ ქვეყნებსაც თუ გადავხედავთ, ბევრ სიურპრიზს აღმოვაჩენთ. მაგალითად, ჩინეთს, საფრანგეთსა და გერმანიას, რომლებიც აბსოლუტური სამხედრო დანახარჯით ტოპ 10-ში ხვდებიან, მშპ-ს პროცენტულად მსგავსი დანახარჯი აქვთ, რაც მაგალითად საქართველოს, კვიპროსსა თუ ჩრდილოეთ მაკედონიას.
რომ შევაჯამოთ, ამ მეთოდით სამხედრო ხარჯების გაზომვა ნათლად გვაჩვენებს, ამა თუ იმ ქვეყნის შემთხვევაში რამდენად მცირე შეიძლება იყოს ბიუჯეტი ერთ ადამიანზე, მაშინაც კი, თუ მთლიანი ხარჯები კოლოსალურია.