მსოფლიოში ტურიზმი 2023 წელს პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 88%-ით აღდგა. აღდგენის ძლიერი ტრაექტორია სავარაუდოდ გაგრძელდება 2024 წელსაც. საქართველოს ტურისტული მაჩვენებლები მცირედით ჩამორჩება მსოფლიო მაჩვენებელს და 2023 წელს 2019 წელთან შედარებით 80%-იანი აღდგენა დაფიქსირდა.
„თიბისი კაპიტალის“ 2023 წლის ტურიზმის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ მსოფლიოსთან შედარებით საქართველოში ტურიზმის შედარებით დაბალი აღდგენა, რეგიონის არასტაბილური გეოპოლიტიკური მდგომარეობით არის განპირობებული.
„არსებობს მოთხოვნის შემდგომი ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ აღდგენა კვლავ ჩამორჩება 2019 წელს დაფიქსირებულ დონეს“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
„თიბისი კაპიტალში“ აღნიშნავენ, რომ 2023 წელს ტურისტული ვიზიტების ყველაზე ძლიერი აღდგენა 2019 წელთან მიმართებით თურქეთიდან და ისრაელიდან დაფიქსირდა, 121% და 106%, შესაბამისად. თუმცა დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2023 წლის მეოთხე კვარტალში ისრაელიდან ტურისტული ნაკადის კლების ტენდენცია შეინიშნება. „ეს კლება განპირობებული იყო პალესტინასა და ისრაელს შორის მიმდინარე კონფლიქტით. აქედან გამომდინარე 2024 წელს მოსალოდნელია ტურისტული ნაკადის შემდგომი შემცირება.
აზერბაიჯანი, დახურული საზღვრით, აგრძელებს ვიზიტორთა მოგზაურობის აღდგენის ყველაზე დაბალი მაჩვენებლის (13%) დაფიქსირებას მეზობლებს შორის. აზერბაიჯანიდან ვიზიტების აღდგენა 2024 წლის პირველ ორ კვარტალში არ არის მოსალოდნელი.
ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საერთაშორისო ვიზიტების ძლიერი აღდგენა დაფიქსირდა 2023 წელს და 2019 წელთან შედარებით 87%-ს მიაღწია. მოსალოდნელია ტურისტული ნაკადის შემდგომი ზრდა, განსაკუთრებით გასათვალისწინებელია 2024 წლიდან თბილისიდან ახალი პირდაპირი რეისების დამატება ევროპის მიმართულებით“, - აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები.
აღსანიშნია, რომ 2023 წელს შემოსავალი მოგზაურებიდან 2019 წლის დონეს აღემატება. „თუმცა საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების აღდგენა შენელდა და მიაღწია 128% და 127% წლის მესამე და მეოთხე კვარტალში, რაც ჩამორჩება 2023 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ 138%-იან აღდგენას. გარდა ამისა, 2023 წლის მეოთხე კვარტალში შემოსავალი უფრო დაბალი იყო 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით“, - ნათქვამია დოკუმენტში.