მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს საქართველო ავტომობილებს - სტატისტიკა

ექსპორტი

2024 წლის რვა თვეში საქართველოში 2 მილიარდი დოლარის ღირებულების 125 ათასი ავტომობილი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით თანხობრივად 11%-ით, რაოდენობრივად კი 20 ათასი ავტომობილით ნაკლებია. ავტომობილების იმპორტის კლების მიუხედავად, 8%-ით გაზრდილია ავტომობილების რეექსპორტი და იანვარ-აგვისტოში, რამაც 1.48 მილიარდი დოლარი (68 ათასი ავტომობილი) შეადგინა, შესაბამისად იმპორტირებული ავტომობილების 74% საქართველოდან შემდგომ რეექსპორტზე გავიდა.

საქსტატის თანახმად, საქართველო ავტომობილების ყველაზე დიდ ნაწილს აშშ-დან ყიდულობს, 2024 წლის 8 თვეში აშშ-დან იმპორტმა 1.07 მილიარდი დოლარი (89 ათასი ავტომობილი) შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 18%-ით ნაკლებია, ამასთან აშშ-დან იმპორტირებული ერთი ავტომობილის საშუალო ფასი წელს 12 ათას დოლარს შეადგენდა. 51%-ით გაიზარდა გერმანიიდან იმპორტირებული ავტომობილების ღირებულება და მან 336 მილიონი დოლარი შეადგინა, სულ გერმანიიდან იმპორტირებულია 6 ათასამდე ავტომობილი, ხოლო მათი საშუალო ფასი განსაკუთრებით მაღალია და საშუალოდ 57 ათას დოლარს შეადგენდა. შედარებისთვის, გასული წლის იანვარ-აგვისოში საქართველომ გერმანიიდან 221 მილიონი დოლარის ღირებულების 9 ათასი ავტომობილი შეიძინა, საშუალო ფასი კი 25 ათასი დოლარი იყო.

შესაბამისად, წელს სავარაუდოდ გაზრდილია გერმანიიდან ახალი ავტომობილების იმპორტი, რაც უმეტესწილად არა საქართველოს შიდა მოხმარებისთვის, არამედ შუა აზიაში ექსპორტისთვის იყო განკუთვნილი. იმპორტში მესამე პოზიციაზეა იაპონია, საიდანაც საქართველომ 315 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები შეიძინა, წინა წელთან შედარებით იაპონიიდან იმპორტი (ღირებულების მიხედვით) 15%-ით არის შემცირებული, თუმცა გაზრდილია შესყიდული ავტომობილების რაოდენობა, რამაც იანვარ-აგვისტოში 19.6 ათასი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 3.5 ათასით მეტია. წელს იაპონიიდან იმპორტირებული ავტომობილის საშუალო ფასი 16 ათას დოლარს შეადგენს, რაც გასულ წელს 23 ათას დოლარს შეადგენდა.

ქვეყანა ავტოიმპორტის ღირებულება შემოყვანილი ავტომობილების რაოდენობა ავტომობილის საშუალო ღირებულება
აშშ 1.07 მილიარდი დოლარი 89,451 $12
გერმანია 336 მლნ დოლარი 5,853 $57
იაპონია 315 მლნ დოლარი 19,553 $16
თურქეთი 33.6 მლნ დოლარი 735 $46
კორეა, რესპუბლიკა 31 მლნ დოლარი 2,311 $13
ჩინეთი 27.7 მლნ დოლარი 1,797 $15
ბელგია 20.9 მლნ დოლარი 514 $41
კანადა 20.7 მლნ დოლარი 1,138 $18
გაერთიანებული სამეფო 18 მლნ დოლარი 226 $80
იტალია 17 მლნ დოლარი 144 $124

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები