მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს საქართველო საწვავს?|სტატისტიკა

მატარებელი ვაგონი ბენზინი საწვავი ნავთობი

2026 წლის იანვარ-მაისში საქართველომ უცხოეთიდან 635 მილიონი დოლარის ღირებულების 738 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა, რაც თანხობრივად წინა წელთან შედარებით 28%-ით, რაოდენობრივად კი 11%-ით მეტია. ამასთან, თუკი მიმდინარე წლის იანვარში იმპორტის საშუალო ფასი ერთ ტონაზე 697 დოლარი იყო, მაისში იმპორტირებული საწვავის საშუალო ფასმა ტონაზე 1115 დოლარს მიაღწია, რაც 60%-იანი გაძვირებაა.

ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი 220 მილიონი დოლარის ღირებულების საწვავი საქართველომ კვლავ რუსეთიდან შეიძინა, თუმცა იმპორტი 10%-ით არის შემცირებული, რაც მათ შორის განპირობებულია რუსეთის მიერ ბენზინის ექსპორტის აკრძალვით, რომელიც 2026 წლის 2 აპრილიდან ამოქმედდა და 31 ივლისამდე შენარჩუნდება.

რუსეთის შემდეგ იმპორტში მეორე ადგილს იკავებს თურქეთი 84 მილიონი დოლარით, საიდანაც იმპორტი წელს 260%-ით გაიზარდა, მესამე პოზიციაზე კი რუმინეთია 61 მილიონი დოლარით.

2026 წლის იანვარ-მაისში საქართველომ ნავთობპროდუქტები შემდეგი ქვეყნებიდან შეიძინა:

  • რუსეთი: $220 მილიონი | 309,414 ტონა | -10% კლება
  • თურქეთი: $84 მილიონი | 67,336 ტონა | +260% ზრდა
  • რუმინეთი: $61 მილიონი | 77,432 ტონა | -37% კლება
  • აზერბაიჯანი: $53 მილიონი | 55,601 ტონა | +291% ზრდა
  • ბულგარეთი: $44 მილიონი | 49,946 ტონა | -38% კლება

გარდა იმპორტის ღირებულებისა, ნავთობპროდუქტების საბოლოო ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აქციზის გადასახადიც. 2026 წლის იანვარ-მაისში მთავრობამ საწვავის აქციზიდან 298 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით, ანუ 29 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

გადახდილი აქციზიდან 145 მილიონი ლარი წარმოადგენდა ბენზინის აქციზის გადასახადს (კლება წინა წელთან 0.5%); 93.7 მილიონი ლარი იყო დიზელის საწვავის აქციზი (კლება წინა წელთან 10%) ხოლო სხვა ნავთობპროდუქტების აქციზი კი 59 მილიონ ლარს შეადგენდა (ზრდა წინა წელთან 207%). შესაბამისად, მიმდინარე წელს დიზელისა და ბენზინის აქციზის შემოსავლები შემცირებულია, სხვა კატეგორიის საწვავის აქციზის შემოსავლები კი მზარდია. არსებული მდგომარეობით, ერთი ლიტრი ბენზინის აქციზის გადასახადი 37 თეთრს, ლიტრი დიზელის აქციზის გადასახადი კი 33.5 თეთრს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები