პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს საგარეო ვაჭრობის ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, გვანცა გრიგალაშვილმა BMGTV-ის ეთერში პოლონეთიდან საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ინვესტორები ძირითადად ტურისტული, უძრავი ქონების და აგროსექტორით ინტერესდებიან.
გვანცა გრიგალაშვილმა აგროსექტორის მიმართულებით განსაკუთრებით გამოყო, მოცვის ბაღები, რადგან პოლონეთში იგი განსაკუთრებით პოპულარულია. რაც შეეხება ტურიზმს და უძრავ ქონებას, გრიგალაშვილის თქმით, ამ მიმართულებით პოლონელი ინვესტორები ძირითადად ბათუმით და კახეთით ინტერესდებიან, სადაც სასტუმრო ბიზნესი აქვთ.
„ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ პოლონურ ინვესტიციებს, პოლონურ-ქართულ სავაჭრო გარიგებებს საქართველოს ბაზარზე. შეიძლება პოლონური კომპანია პირველ ეტაპზე ეძებდეს სავაჭრო გარიგებისთვის სანდო ქართულ კომპანიას ან საინვესტიციო მიმართულებით იყოს დაინტერესებული და აინტერესებდეს როგორია ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატი.
ძირითადად დაინტერესებულები არიან ტურიზმის მიმართულებით, უძრავი ქონების მიმართულებით, აქვთ სასტუმროები ბათუმში, კახეთში. ასევე ინვესტიციები ხორციელდება აგროსექტორში - არის რამდენიმე სანერგე მეურნეობა, განსაკუთრებით გამოვყოფდი მოცვის ბაღებს”, - განაცხადა მან.
რაც შეეხება ქართულ კომპანიებს პოლონეთის ბაზარზე, როგორც პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს საგარეო ვაჭრობის ოფისის ხელმძღვანელმა განმარტა, სააგენტო მათაც ეხმარება საკუთარი პროდუქცია პოლონეთში გაიტანოს ან პოლონელი პარტნიორი ნახოს.
"თუ ქართულ კომპანიას ენდომება პოლონეთში ნებისმიერი ტიპის გამოფენაზე მონაწილეობა, შეუძლია მოგვმართოს და დავეხმარებით. თუ იქნება სავაჭრო გარიგება და პოლონეთში პარტნიორს ეძებს, რომელთანაც შესაძლებელია სავაჭრო გარიგება დადოს და შემოიტანოს პოლონური პროდუქცია, ამ შემთხვევაში არის განსაკუთრებული სტუმრის სტატუსის პროგრამა. ჩვენ, ასევე, იქ გამოფენის ორგანიზატორ კომპანიებთან გვაქვს კავშირი და რეკომენდაციას ვუწევთ ხოლმე ქართულ კომპანიებს. თუ არის ქართული კომპანია, რომელსაც უნდა რომ მხოლოდ გამოფენაზე წავიდეს და თავისი პროდუქცია გააცნოს პოლონურ ბაზარს და უნდოდეს პროდუქციის გატანა, შეგვიძლია მათაც ვუშუამდგომლოთ იქ ორგანიზატორთან და მაგალითად, სტენდის დაქირავების საკითხში გავუწიოთ შუამდგომლობა", - განაცხადა გვანცა გრიგალაშვილმა.
ცნობისთვის, პოლონეთი საქართველოსთვის ტოპ-10 ინვესტორ ქვეყანას შორის არაა. ამ ქვეყნიდან მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 3,9 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც გასული წლის ჯამურ მაჩვენებელს აჭარბებს, ვინაიდან 2023 წელს პოლონეთიდან მხოლოდ 3,1 მლნ დოლარის ინვესტიცია გვქონდა.