მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელია მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური ქვეყნები შემოსავლების მიხედვით

6017976d0e6b6
თათია კაკიაშვილი
02.02.21 00:30
2172

Visual Capitalist გვთავაზობს მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის (WIPO) 2020 წლის რეიტინგს, სადაც წარმოდგენილია ის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე ინოვაციურები არიან შემოსავლების მიხედვით.

როგორც გამოცემა წერს, მსოფლიო რუკაზე მდიდარი ქვეყნები გლობალური ინოვაციების განხორციელებას განაგრძობენ, ეს გასაკვირი არცაა, საინტერესო კი ისაა, რომ ამასობაში საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები, განსაკუთრებით კი აზიიდან, შთამბეჭდავ ნაბიჯებს დგამენ. 

ბუნებრივია, არსებობს ინდექსი, რომელიც აანალიზებს ყველაზე ინოვაციურ ქვეყნებს. ამ ინდექსის მთავარი მაჩვენებლებია: კვლევა და განვითარება, სარისკო კაპიტალი და მაღალტექნოლოგიური წარმოება. ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში ინოვაციების დანერგვაში 2011 წლიდან შვეიცარია ლიდერობს, ხოლო ხუთეულში შემავალი ქვეყნების სია, ბოლო წლებში, ცვალებადია. 

შვეიცარია, შვედეთი და აშშ - ეს ის ქვეყნებია, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჯგუფის სამეულში გვხვდება. ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მთლიანი შიდა პროდუქტით, შვეიცარიის ლიდერობა ამ სიაში მოულოდნელი სულაც არ არის. 

ზედა საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში კი ჩინეთი, მალაიზია და ბულგარეთი ლიდერობენ. და მაინც, რა სფეროებში ჩადებული ინვესტიციებით გამორჩევიან ქვეყნები, რომლებიც ყველაზე ინოვაციურებად ითვლებიან?

მაგალითად, შვეიცარია მსოფლიოში პირველია ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომებით, ხოლო მეორე - გლობალური ბრენდის ღირებულებით. აშშ-ის წარმატების მთავარი გასაღები კი გართობა და მედია, კომპიუტერული პროგრამების შემუშავება და ინტელექტუალური საკუთრების განვითარებაა. ჩინეთი თავს მსოფლიოში პირველი რეგისტრირებული პატენტებით იწონებს; ვიეტნამი - მაღალტექნოლოგიური ქსელის ექსპორტით. ინდოეთის ინოვაციურობა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სერვისების შექმნაში მდგომარეობს. ამ სიაში ტანზანიაც გვხვდება, რომელიც, იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოში 23-ე ადგილზეა ბეჭდურ მედიაში ინვესტირებით, მაინც ინოვაციურ ქვეყნად ითვლება.

ამასობაში სკანდინავიის ქვეყნები, როგორებიცაა: შვედეთი, დანია და ფინეთი, აგრძელებენ ძლიერი შედეგების მიღწევას ინოვაციური ფაქტორების მიხედვით და, შედეგად, გლობალურ ინოვატორთა მწვერვალზეც რჩებიან. ასევე, წლიდან წლამდე რეიტინგში უდიდეს ნაბიჯებს დგამენ აზიური ქვეყნები. 2020 წელს, სამხრეთ კორეა ეკონომიკური წინსვლით მსოფლიო 10 საუკეთესო ეკონომიკის მქონე ქვეყანათა სიაში შევიდა. სინგაპური კი პირველი აზიური ქვეყანაა, რომელიც 2018 წელს გლობალურ ხუთეულში შევიდა და პოზიციებს დღემდე არ თმობს.

მსგავსი წლიური რეიტინგი ადასტურებს ძლიერი ეკონომიკის მნიშვნელობას და ინვესტიციებს ინოვაციური პროდუქტების განვითარებისთვის, თუმცა კავშირი სიმდიდრესა და ინოვაციას შორის ყოველთვის პირდაპირი არ არის - პანდემიის გამო მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებს ბზარები გაუჩნდა, ეკონომიკის ასეთი რყევები კი არასტაბილური გარემოს და ლოქდაუნების “დამსახურებაა”. ასე რომ, გასაკვირი არ იქნება, თუ სამომავლოდ COVID 19 ინოვაციური კაპიტალის მკვეთრი შემცირების მიზეზადაც დასახელდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები