მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელია ობლიგაციების უმსხვილესი ბაზრები მსოფლიოში?

643a4daa620b1
ლიკა მეგუთნიშვილი
17.04.23 00:03
1069
2022 წელს ობლიგაციების გლობალურმა ბაზარმა 133 ტრილიონი დოლარი შეადგინა. როგორც კაპიტალის ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი მსოფლიოში, სასესხო ფასიანი ქაღალდები ბოლო 40 წლის განმავლობაში შვიდჯერ გაიზარდა.

რაც შეეხება მსოფლიოში უმსხვილეს ბაზრებს, ანგარიშსწორების საერთაშორისო ბანკის მონაცემებით, ობლიგაციების უდიდესი ბაზარი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს, რომლის ღირებულებაც 51 ტრილიონ დოლარს აღემატება, ხოლო მისი წილი ობლიგაციების მთლიან ბაზარზე 39%-ია.

აშშ-ში სახელმწიფო ობლიგაციები, 26 ტრილიონ დოლარზე მეტი ფასიანი ქაღალდებით, სავალო ბაზრის უმეტეს ნაწილს შეადგენს. მხოლოდ 2022 წელს, ქვეყნის ფედერალურმა მთავრობამ ამ ვალზე 534 მილიარდი დოლარის პროცენტი გადაიხადა.

ობლიგაციების მთლიანი ბაზრის 16%-იანი წილით მეორე ადგილზეა ჩინეთი, სადაც ობლიგაციების ბაზრის ღირებულება თითქმის 21 ტრილიონი დოლარია. ბაზრის უდიდესი წილი კი, ადგილობრივ კომერციულ ბანკებს უჭირავთ. მართალია, ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩინეთის ობლიგაციების ბაზარი ყოველწლიურად 13%-ით იზრდება, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩინეთის ობლიგაციების მიმართ უცხოური ინტერესი უკრაინაში ომის დაწყებისა და შემოსავლების შემცირების შემდეგ - მკვეთრად შემცირდა.

მესამე უდიდესი სავალო ბაზარი იაპონიას აქვს, სადაც სახელმწიფო ობლიგაციების დიდ წილს ცენტრალური ბანკი ფლობს. მას შემდეგ, რაც იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა 2016 წელს დანერგილი შემოსავლების მრუდის კონტროლის პოლიტიკა შეცვალა, სახელმწიფო ობლიგაციებზე ბანკის მფლობელობამ რეკორდულ, 50%-ს მიაღწია. როდესაც 2022 წელს ინფლაციამ მატება დაიწყო და ინვესტორებმა ობლიგაციების გაყიდვა დაიწყეს, იაპონიის ცენტრალურ ბანკს მოთხოვნისა და ლიკვიდურობის გასააქტიურებლად შემოსავლის გაზრდა მოუწია.

რაც შეეხება ევროპას, 4.4 ტრილიონი დოლარის ვალის მოცულობით, კონტინენტზე ყველაზე დიდი ობლიგაციების ბაზარი საფრანგეთს აქვს, რაც გაერთიანებულ სამეფოს მაჩვენებელს დაახლოებით 100 მილიარდი დოლარით აჭარბებს. დიდი ბრიტანეთის ობლიგაციების ბაზრის ღირებულება 4.3 ტრილიონი დოლარია და საფრანგეთის მსგავსად, მისი წილი ობლიგაციების გლობალურ ბაზარზე 3%-ით განისაზღვრება. ასევე 3%-იანი წილი აქვთ კანადასა და გერმანიას. კანადის ობლიგაციების ბაზარი 4 ტრილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო გერმანიის 3.7 ტრილიონ დოლარს.

ობლიგაციების გლობალური ბაზრის უმსხვილეს მოთამაშეებს შორის მე-8, მე-9 და მე-10 პოზიციებს იტალია, კაიმანის კუნძულები და ბრაზილია ინაწილებენ, რომლებიც შესაბამისად 2.9, 2.7 და 2.4 ტრილიონი დოლარის ღირებულების კაპიტალის ბაზრებს ფლობენ. ცენტრალური ბანკების მსგავსად მთელ მსოფლიოში, კომერციული ბანკები ობლიგაციების ბაზრებზე მთავარი მოთამაშეები არიან. შეერთებული შტატების შემთხვევაში, კომერციული ბანკები ფაქტობრივად სახელმწიფო ვალის მფლობელთა სამეულში არიან.

შეერთებულ შტატებში კომერციული ბანკები 4,2 ტრილიონი დოლარის სახაზინო ობლიგაციებსა და სხვა სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს ფლობენ. აშშ-ს მსხვილი ბანკებისთვის ეს საშუალოდ აქტივების 24%-ს შეადგენს. რაც შეეხება მცირე ბანკებს, მათ 2022 წლის შუა პერიოდიდან საპროცენტო განაკვეთის ზრდის გამო ობლიგაციების მფლობელობა შეამცირეს და ამჟამად მათ აქტივებში სახაზინო ობლიგაციებისა და ფასიანი ქაღალდების წილი 15%-ით განისაზღვრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები