საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური ენგურჰესია, რომლის დადგმული სიმძლავრეც 1,300 მეგავატს შეადგენს. ამასთანავე, ენგურის სისტემის ნაწილია “ვარდნილჰესების კასკადიც”, რომლის დადგმული სიმძლავრეც 340 მეგავატს შეადგენს.
2023 წლის 11 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ელექტროენერგია სწორედ ენგურჰესმა გამოიმუშავა, თუმცა ამ სადგურის გამომუშავება წინა წელთან შედარებით 8%-ით არის შემცირებული. მთლიანობაში 2023 წლის განმავლობაში ჰესების გამომუშავება 10 მილიარდი კილოვატ საათი იყო, რაც წლიურად 3%-ით არის შემცირებული.
ჰიდროელექტროსადგური | გამომუშავება 2023 წლის 11 თვეში, (მლნ კვტ. სთ.) | ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით |
ენგურჰესი | 3,394 | -8% |
ვარციხე | 817 | 2% |
ვარდნილჰესების კასკადი | 635 | -14% |
შუახევიჰესი | 448 | 12% |
დარიალიჰესი | 412 | -9% |
ლაჯანურჰესი | 359 | -2% |
ჟინვალჰესი | 356 | 23% |
ფარავანჰესი | 319 | -3% |
გუმათჰესი | 302 | 11% |
ხრამჰესი 2 | 290 | -2% |
რიონჰესი | 249 | -10% |
ზაჰესი | 193 | 19% |
ხრამჰესი 1 | 178 | -13% |
ხელვაჩაურიჰესი 1 | 173 | -10% |
შაორჰესი | 147 | 21% |
ძევრულაჰესი | 126 | -17% |
ხადორჰესი | 118 | 5% |
მესტიაჭალაჰესი 2 | 100 |
სიაში წარმოდგენილია ჰესები, რომელთა გამომუშავება აღნიშნულ პერიოდში 100 მილიონ კილოვატ საათს აღემატებოდა.
2023 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა
2023 წლის 11 თვეში საქართველომ ჯამურად 13.7 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წელთან შედარებით 560 მილიონი კილოვატ საათით ნაკლებია. მოხმარების შემცირება ძირითადად მსხვილი ინდუსტრიის, მათ შორის ფეროშენადნობების მწარმოებლების მოხმარების კლებას უკავშირდება.
2023 წლის 11 თვეში გორის ქარის ელექტროსადგურმა 80 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც 2022 წლის შედეგის ანალოგიურია.
საგულისხმოა გარემოება, რომ 2023 წელს საქართველომ იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა შეამცირა. გასული წლის 11 თვეში იმპორტი მხოლოდ 682 მილიონი კილოვატ საათი იყო, რაც 2022 წელთან შედარებით 48%-ით ნაკლებია. იმპორტის შემცირება ერთი მხრივ ელექტროენერგიის მოთხოვნის კლებამ, მეორე მხრივ კი ადგილობრივი თბოსადგურების გამომუშავების მატებამ განაპირობა. 2023 წლის 11 თვეში თბოსადგურებმა 3.07 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც 2022 წელთან შედარებით 380 მილიონი კილოვატ საათით მეტია.