დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი გაიმართა.
"ტვ პირველი" ინფორმაციით, მიქაუტაძის სისხლის სამართლის საქმეზე ამჯერად ბიზნესმენი ლაშა იორდანიშვილი მოწმის სახით გამოიკითხა. გამოძიების ვერსიით, ის მიქაუტაძესთან თანამშრომლობდა.
"ენერგეტიკის სფეროში ვმოღვაწეობ. რამდენიმე კომპანია გვაქვს. წლებია ვიცნობ რომეო მიქაუტაძეს. კომპანია “ჯეოკრაფტიც” ჩვენ შევიძინეთ. ნახიდურის პროექტი როცა სამშენებლო ფაზაში იყო, რომეომ გამაცნო მისი ძმა გიორგი მიქაიტაძე და თემურ ქურხული. გრძელი მოლაპარაკებები იყო მშენებლობაზე.. ჰქონდა თუ არა ამ კომპანიაში რაიმე ინტერესი რომეოს არ ვიცი. არ მახსოვს მაშინ იყო თუ არა საჯარო მოხელე. არ ყოფილა შემთხვევა რომ ნაცნობობით საქმის გადასაწყვეტად, უპირატესობის მისაღებად რომეოსთვის მიმემართა. რომეო მიქაუტაძე დახმარებია ძალიან ბევრს, არა უკანონოდ, არამედ იქიდან გამომდინარე რომ იყო დარგის კურატორი, - "ტვ პირველის" ცნობით, თქვა პროცესზე ბიზნესმენმა.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე პროკურატურა მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334
ლარი.




























