გაეროს კლიმატის სამიტზე რომის პაპმა ლეო XIV-მ ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა, მყარი ნაბიჯები გადადგან კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ, რადგან ის საფრთხეს უქმნის პლანეტას. ლეო XIV-მ ვიდეომიმართვაში ასევე აღნიშნა, რომ ადამიანები ვერ ახერხებენ გლობალურ დათბობაზე რეაგირებას და რომ ღვთის ქმნილება „წყალდიდობების, გვალვების, ქარიშხლებისა და დაუნდობელი სიცხის ფორმით ტირის“.
ბრაზილიაში, ბელემში შეკრებილ რელიგიურ ლიდერებს რომის პაპმა აუხსნა, რომ ქვეყნებმა ამ მიმართულებით გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, თუმცა ეს საკმარისი არ არის.
“სამიდან ერთი ადამიანი განსაკუთრებით მოწყვლადია კლიმატის ცვლილების გამო. მათთვის კლიმატის ცვლილება შორეული საფრთხე არ არის, მათი დაიგნორება კი ჩვენი საერთო ადამიანობის უარყოფას ნიშნავს”, - განაცხადა კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა.
პაპის გზავნილი COP30-ის სამიტზე, მოლაპარაკებების მეორე კვირას გაჟღერდა მაშინ, როდესაც პლანეტის ბედზე სასაუბროდ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის პოლიტიკოსები და დიპლომატები ბრაზილიაში შეიკრიბნენ. სამიტზე ისაუბრეს იმ ქვეყნების ლიდერებმაც, რომლებიც განსაკუთრებით ხშირად ებრძვიან სტიქიურ უბედურებებს. მათ განვითარებად ქვეყნებს ასევე მოუწოდეს უფრო მტკიცე ნაბიჯებისკენ, რათა 2015 წელს ხელმოწერილი “პარიზის ხელშეკრულებით” ნაკისრი ვალდებულება შეასრულონ.
ლეონ XVI-მ აღნიშნულ შეთანხმებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარიზის ხელშეკრულების პირობების შესასრულებლად დრო იწურება, ქვეყნის ლიდერებს კი ღვთისგან აქვთ მოწოდება, პლანეტის დასაცავად პოლიტიკური ნება გამონახონ.




























