მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Rooms Hotel-მა ბოლო ერთ თვეში ჯავშნების გაუქმების გამო დაახლოებით ₾300 ათასის ზარალი მიიღო - ვალერი ჩეხერია

რუმსი

Rooms Hotel-ში აცხადებენ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებული მოვლენების ფონზე ჯავშნების გაუქმების გამო დაახლოებით 300 ათასი ლარის ზარალი მიიღეს.

როგორც Rooms Hotel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვალერი ჩეხერიამ BMG-ის განუცხადა, სასტუმროებში ჯავშნები უქმდება როგორც ტურისტული, ასევე კონფერენციების მიმართულებით. მისივე თქმით, ღონისძიებების ჯავშნების დაახლოებით 35-40% არასამთავრობო ორგანიზაციებზე მოდის. შესაბამისად, მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი მსგავსი ორგანიზაციები საქართველოში საქმიანობას ვეღარ გააგრძელებენ, ამას სტუმარ - მასპინძლობის სექტორზე ძალიან ნეგატიური გავლენა ექნება.

აღსანიშნავია, რომ Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი AmCham-ისა და აშშ-ის ელჩის შეხვედრას ესწრებოდა.

„ძალიან რთულ პერიოდს გავდივართ ბიზნესი, რადგან მიმდინარე მოვლენები პირდაპირ ეტყობა ჩვენს სექტორს. უამრავი ჯავშანი უქმდება, როგორც ოთახების, ასევე კონფერენციების. რეგიონებში ძალიან ბევრი გაუქმებებია. ვფიქრობ, რა მოლოდინიც გვქონდა ჯავშნების, იმის ნახევარსაც ვერ მივიღებთ, რაც მომდევნო თვეებში ძალიან დაეტყობა სტუმარ-მასპინძლობის სექტორს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებების ჯავშნების დაახლოებით 35-40% არასამთავრობო ორგანიზაციებზე მოდის. შესაბამისად, ბევრი რამ ტურიზმის დარგში იმაზეა დამოკიდებული, გააგრძელებენ თუ არა ისინი მუშაობას.

რაც შეეხება აშშ-ის ელჩთან შეხვედრას, მივიღეთ ის მესიჯები, რაც გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ გააჟღერა, რომ ისინი კიდევ ხედავენ იმ შესაძლებლობას, საუბარი იყოს კანონში ჩასწორებებზე. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, პოზიტიური მიმართულებით დასრულდება ყველაფერი“, - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები