Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია აცხადებს, რომ Rooms-ის სასტუმროები, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, ძირითადად მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტებით არის დატვირთული.
"დამსვენებლებს შორის პირველ ადგილზე აშშ-იდან ჩამოსული ტურისტები არიან. მერე მოდიან ბრიტანელები, გერმანელები, ავსტრიელები და ა.შ. შემდეგ უკვე პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ნამდვილად არიან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები, ძველ ფასს მაინც ვერ ვუბრუნდებით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე სასტუმროების სიუხვეა", - განმარტა Rooms Hotel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა BMG-სთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, Rooms-ის სასტუმროებს შორის სეზონზე ყველაზე დატვირთული Rooms Hotel Kazbegi-ია, სხვა რეგიონების შემთხვევაში კი დატვირთულობა სეზონურია.
"ბაკურიანში ძალიან აქტიურად დავიწყეთ სეზონი, რადგან თოვლი მოვიდა, თუმცა ახლა ზაფხულამდე დატვირთულობა აღარ იქნება. აქ დამსვენებლები ძირითადად ქართველები იყვნენ. ბათუმი ძალიან სეზონურია, სასტუმროში თუ არ გაქვს კაზინო, მაშინ არასეზონურ პერიოდში დატვირთვა საკმაოდ დაბალია, ასევე ფასიც. გარდა ამისა, ბათუმს ნამდვილად აკლია ყველა სეგმენტის ტურისტი. Rooms Hotel Kazbegi მაინც ყველაზე დატვირთული სასტუმროა ყოველთვის. ასეთი მასშტაბური პროექტი ყაზბეგში სხვა არ არის, ასე რომ მაინც ბაზრის ლიდერები ვართ", - აღნიშნა ჩეხერიამ.
ზოგადად ქვეყანაში ტურიზმის აღდგენის დინამიკასა და სასტუმროების დატვირთულობის შეფასებისას, ჩეხერიამ აღნიშნა, რომ ტურისტების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, სასტუმროების ნომრების ღირებულება პანდემიამდელ ნიშნულს ვერ დაუბრუნდა და ფასები კვლავ შემცირებულია. ამის მიზეზად Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების ნაკლებობას და ინდუსტრიაში გაზრდილ კონკურენციას მოიაზრებს.
"შარშანდელი წელი საკმაოდ დატვირთული იყო. ტურისტებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს მოგზაურობა. როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ყველა სასტუმრო ძალიან დატვირთული იყო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ფასის ნაწილში აღდგენა მოვახერხეთ. დატვირთულობის ნაწილში აღდგენა მოვახდინეთ, თუმცა ფასები პანდემიამდელ ნიშნულს ჯერ არ დაბრუნებია. ეს იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დიდი დისბალანსია. მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტებისგან აღარ არის ისეთი დიდი მოთხოვნა როგორც პანდემიამდე იყო. იმედია, ამ ნიშნულამდე ავალთ. დღეს სასტუმროები დატვირთულია, თუმცა არა მაღალგადამხდელი ტურისტებით. რასაკვირველია, მოთხოვნა-მიწოდების არსებული დისბალანსის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყანაში სასტუმროების დიდი რაოდენობაა. ბევრია კარგი სასტუმრო, თუმცა მაშინ, როცა მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტებით არის დატვირთული", - ამბობს ჩეხერია.