მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როსავიაციამ მოსკოვის აეროპორტებთან ფრენის სიმაღლე შეზღუდა - აკრძალულია ტრანზიტული რეისებიც

მოსკოვის აეროპორტი

რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ [როსავიაციამ] მოსკოვის აეროპორტებში [შერემეტიევოს, დომოდედოვოსა და ვნუკოვოს აეროპორტები] თვითმფრინავების ფრენის მაქსიმალური სიმაღლე 4 900 მეტრამდე შეზღუდა. გარდა ამისა, სრულად აიკრძალა აღნიშნული ზონის გავლით ტრანზიტული ფრენების განხორციელება. ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო სააგენტო Interfax ავრცელებს.

უწყების ცნობით, ავიაკომპანიებისთვის შესაბამისი შეტყობინება (NOTAM) უკვე გადაეცათ. შეზღუდვები ძალაში 12 აგვისტომდე დარჩება. „როსავიაციაში“ განმარტავენ, რომ აღნიშნული ზომები ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს.

ამ შეზღუდვების დაწესებამდე, მოსკოვის საჰაერო ზონაში შესვლისას ფრენის მაქსიმალური სიმაღლე 8 250 – 8 550 მეტრს შეადგენდა.

უკვე რამდენიმე კვირაა უკრაინა რუსეთის ქალაქებს დრონებით ინტენსიურად უტევს. უკრაინის თავდაცვის ძალები უტევენ სამხედრო ობიექტებს, ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ტერმინალებს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში. უკრაინის მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს არის სამართლიანი პასუხი უკრაინის ქალაქებსა და რაიონებზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მათი მიზანია ამ გზით კრემლს ომის შეწყვეტა აიძულონ. დრონებით თავდასხმების გამო მოსკოვის აეროპორტებმა არაერთხელ გააჩერეს მუშაობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები