რუსულმა სახელმწიფო ნავთობგიგანტმა Rosneft-მა ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის მიერ მიტანილი იერიშების ფონზე აღიარა, რომ სერიოზული და გრძელვადიანი ზიანი მიიღო.
კომპანიის ხელმძღვანელების შეფასებით, თავდასხმების კიდევ რამდენიმე თვით გაგრძელება საწარმოს გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს. მათი თქმით, ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების რაოდენობა 2026 წელს გაორმაგდა და 114 შემთხვევას მიაღწია.
კომპანიაში განმარტავენ, რომ გახშირებული იერიშების ფონზე, 2026 წლის პირველ ნახევარში Rosneft-ის წმინდა მოგება თითქმის 20%-ით შემცირდა და 200 მილიარდი რუბლი ($2.4 მლრდ.) შეადგინა. ამავე პერიოდში კომპანიის წმინდა ვალის მოცულობამ შემოსავალთან შედარებით 1.8-ჯერ მოიმატა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაფიქსირებული უმაღლესი ნიშნულია.
შეგახსენებთ, უკრაინული დრონების მთავარი სამიზნე კონცერნის უმსხვილესი საწარმოები გახდა. სერიოზული ზარალი მიადგა რიაზანის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას, რომელმაც მაისში მომხდარი დრონების თავდასხმის შემდეგ განვლილი დროის ნახევარზე მეტი სრულ უმოქმედობაში გაატარა.
სიცხადისთვის, ეს ობიექტი რუსეთში სიდიდით მეოთხე საწარმოა და მოსკოვსა და მის შემოგარენს საწვავით ამარაგებს. საყურადღებოა, რომ მუშაობის განახლების მიუხედავადაც კი, რიაზანის საწარმო რეალურ შესაძლებლობებზე ბევრად დაბალ სიმძლავრეზე მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ მძიმე დარტყმა მიიღო სამარის ოლქში მდებარე სიზრანის ქარხანამაც, რომელიც რუსეთის სამხედრო-საჰაერო ავიაციას საწვავით ამარაგებდა. ეს ობიექტი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ან სრულად გაჩერებული იყო, ან საკუთარი სიმძლავრის მესამედზე ნაკლებს იყენებდა. განმარტებისთვის, სიზრანის ქარხანა წელიწადში დაახლოებით 9 მილიონ ტონა ნედლ ნავთობს ამუშავებს და პროდუქციის ექსპორტს მდინარე ვოლგისა და კასპიის ზღვის გავლით ახორციელებს.
ცნობისთვის, Rosneft-ის მფლობელობაში არსებული 12 ქარხანა რუსეთის ნავთობგადამუშავების საერთო სიმძლავრის დაახლოებით ერთ მესამედს მოიცავს. ის ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის მთავარ საყრდენად მიიჩნევა და შიდა ბაზარს საწვავით უზრუნველყოფს.
























