Financial Times-ის ინფორმაციით, რუსულ ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშების შეუჩერებლობის შემთხვევაში, შეერთებული შტატები კიევს იარაღის მიწოდების შეჩერებით დაემუქრა.
მედიასთან საუბრისას ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ამერიკული მხარის გაფრთხილება კონკრეტულად სადაზვერვო მონაცემების გაცვლის შეწყვეტასა და უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის სპეციალური მექანიზმის დაბლოკვას ითვალისწინებს.
FT-ს ევროპელმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა ისიც, რომ ამერიკის თავდაცვის უწყება კონტინენტის მასშტაბით ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს და ცდილობს, კიევზე ზეწოლა სწორედ ევროპელი მოკავშირეების დახმარებით გაზარდოს.
ინფორმაციისთვის, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ზელენსკი სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურებაში და, თხოვნის მიუხედავად, რუსულ ენერგოობიექტებზე თავდასხმის შეუჩერებლობაში დაადანაშაულა. ქვეყნის ლიდერმა ღიად თქვა, რომ სწორედ კიევის ქმედებები იწვევს დიზელის ფასების ზრდას, რაც თავის მხრივ, გლობალურად საწვავის ფასების გაძვირებას განაპირობებს.
























