მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“Rosneft-ისა და Lukoil-ის დასანქცირება რუსეთს ვერაფერს დააკლებს" - ზახაროვა

ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ Rosneft-ისა და Lukoil-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც ის აღნიშნავს, ნავთობგიგანტებისა და მათი შვილობილი 34 კომპანიის დასანქცირება რუსეთზე და მიმდინარე ომზე გავლენას ვერ მოახდენს.

ზახაროვამ გაიმეორა ნარატივი, რომ ქვეყანას დასავლური შეზღუდვების მიმართ იმუნიტეტი უკვე გამოუმუშავდა, შესაბამისად, შტატების მიერ მიღებული ნაბიჯი უფრო მეტად სწორედ ამერიკის ინტერესებს და მოლაპარაკების პროცესში მათ პოზიციებს შეასუსტებს.

“Rosneft-ისა და Lukoil-ის დასანქცირება რუსეთს ვერაფერს დააკლებს. ვერც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დიპლომატიურად გადაჭრას შეუწყობს ხელს. პირიქით, სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკურ დაძაბულობას კიდევ უფრო გაზრდის”. - განაცხადა ზახაროვამ.

საგარეო საქმეთა პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკისგან სანქციები რუსეთს აქამდეც არაერთხელ უნახავს, თუმცა ამას შედეგი არასდროს მოუტანია. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად დააწესა. სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილება საქართველოს დროით, ღამის პირველ საათზე გახდა ცნობილი და მან ენერგეტიკულ ბირჟებზე უკვე იქონია გავლენა. ბოლო 12 საათში ნავთობის ფასი 3 დოლარით გაიზარდა და ბრენტის შემთხვევაში $65.7 დოლარს, დაბლიუ თიეს შემთხვევაში კი $61.5 დოლარს შეადგენს.

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია უფრო დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს სტატიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები