მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როცა ამერიკელი ხარ და ჩინური კომპანიის მონაწილეობა არ მოგწონს, [ანაკლიაში] მაშინ შენ შემოგეტანა განაცხადი - კობახიძე

კობახიძე

ცარიელი სპეკულაციებია, ის DEEP STATE-ის ერთ-ერთი რიგითი თანამშრომელია - ასე უპასუხა "ოცნების" პრემიერმა კითხვას, როგორ შეაფასებს სენატორ შაჰინის განცხადებას.

საქმე ის არის, რომ შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა იმედგაცრუება გამოხატა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების უფლება ჩინურ კომპანიას გადასცეს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს.

"ანაკლიასთან დაკავშირებით რასაც ვისმენთ, ძალიან მძიმედ შესაფასებელი განცხადებებია. თქვენ იცით, რომ ანაკლიის პროექტი იყო კონკრეტული კონსორციუმის ხელში, რომელსაც ხელძღვანელობდა დღეს უკვე ე.წ. პოლიტიკოსი, მამუკა ხაზარაძე. მას ჰქონდა ყველანაირი შანსი, მოეზიდა ამერიკული ინვესტიცია, მაგრამ ასეთი იყო ნული. ან მან რატომ ვერ მოიზიდა, ან ამერიკელები რატომ არ დაინტერესდნენ? შემდეგ გამოცხადდა, ოფიციალური ღია პროცედურა, რატომ არ შემოიტანა არც ერთმა ამერიკულმა კომპანიამ?

ამერიკელი როცა ხარ და ჩინური კომპანიის მონაწილეობა არ მოგწონს, მაშინ შენ შემოგეტანა განაცხადი. ცარიელი სპეკულაციებია. ქალბატონი შაჰინიც DEEP STATE-ის ერთი მორიგი თანამშრომელია და იმიტომ აკეთებს ამ განცხადებებს", - განაცხადა კობახიძემ.

რა ეტაპზეა პორტის ინვესტორის შერჩევის პროცესი:

საქართველოს მთავრობამ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC ანაკლიის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ 2024 წლის 29 მაისს გამოაცხადა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ CCCC ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა დღემდე CCCC გამარჯვებულად გამოვლენილი არაა და ის და საქართველოს მთავრობა კვლავ მოლაპარაკებებს მართავენ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო ინვესტორის შერჩევის კონკურსი 2024 წლის მაისში დასრულდა. კონკურსის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია იყო გადასული, ესენია ჩინური CCCC და შვეიცარიული (TIL) Terminal Investment Limited Holding S.A, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო ჯგუფის MSC-ის შემადგენელი კომპანიაა. აღნიშნულ ტენდერში TIL-მა საბოლოო წინადადება არ წარადგინა, შესაბამისად ერთადერთი, რომელმაც სახელმწიფოს პროექტში ინვესტირება შესთავაზა, ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC იყო.

პროექტის მიხედვით, CCCC ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ერთობლივი კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი იქნება, ხოლო საქართველოს მთავრობა პროექტის მაჟორიტარი 51%-იანი აქციონერი იქნება.

პროექტის თანახმად, ანაკლიის პორტში პირველი საკონტეინერო გემები 2029 წელს უნდა შევიდნენ, პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარია და ის წლიურად 600,000 კონტეინერის გამტარიანობის ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს.

2024 წლის იანვარში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა: „CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ [ანაკლიის პორტის პროექტში] კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა. ჩინეთის კომუნისტური პარტია, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია დღეს. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს?“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები