"როცა ბიზნესი პროფესიების დეფიციტზე საუბრობს, მხოლოდ დიპლომიან ხალხს არ გულისხმობს. ბიზნესი ამბობს, რომ ხარისხი არ არის" - ამის შესახებ "ანალიტიკას" ეთერში One Point-ის მმართველი პარტნიორი, ნინო ნიაური, "უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა 2025-ის" შეფასებისას საუბრობს.
როგორც ის BMG-ის ეთერში აღნიშნავს, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კვლევა, რომელშიც განხილულია შრომის ბაზარზე უნარებთან დაკავშირებული მოთხოვნები და გამოწვევები, არ საუბრობს ძირეულ პრობლემებზე: განათლების ხარისხსა და მიგრაციაზე.
"კვლევა საკმაოდ მრავლისმომცველია და რეალურად ასახავს დღეს ბიზნესის მდგომარეობას. თუმცა, კვლევის შედეგები ერთია, და ამ შედეგებს როგორ გამოვიყენებთ, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. კვლევაზე დაფუძნებით უნდა გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები, მაგრამ, როცა ბიზნესი საუბრობს კონკრეტულ პროფესიების დეფიციტზე, აქ ბიზნესი მხოლოდ იმას კი არ გულისხმობს, რომ დიპლომიანი ხალხი არ გვყავს. ბიზნესი საუბრობს იმაზე, რომ ხარისხი არ არის. განათლების ხარისხი საქართველოში არის ძალიან დაბალი. იქნება ეს პროფესიული განათლება თუ უმაღლესი განათლება, განათლების ხარისხის პრობლემა გვაქვს და კვლევაში ეს არ იკითხება.
კვლევაში ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ქვეყნიდან 300 000 კაცამდე არის წასული სამუშაოდ... ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რითაც ამ კვლევის შედეგები უნდა წაგვეკითხა. და არ არის ეს ფაქტორი საერთოდ ნახსენებიც კი. ჩვენი ქვეყნისთვის და დასაქმების ბაზრისთვის 300 000 კაცი არ არის ცოტა, ძალიან ბევრია. ამანაც განაპირობა, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში სამუშაო ძალის განსაკუთრებული დეფიციტი შეიქმნა", - ამბობს ნინო ნიაური.
One Point-ის მმართველმა პარტნიორმა "ანალიტიკასთან" დასაქმების სამართლიანი პირობების მნიშვნელობაზეც ისაუბრა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ კვლევაში გამოკითხულ კომპანიათა 3% ამბობს, რომ კადრის აყვანის გადაწყვეტილებას სუბიექტურად იღებს.
"3% ძალიან კარგი მაჩვენებელია, იმიტომ რომ დაახლოებით 5 წლის წინ რომ ჩაგვეტარებინა ეს კვლევა ან 10 და 20 წლის წინ, სულ სხვა სტატისტიკას მივიღებდით. თუმცა ეგ არ არის მნიშვნელოვანი; საინტერესოა, რომ დასაქმების ბაზარზე გამოსულ ადამიანს ჰქონდეს სამართლიანობის განცდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს სამართლიანობის განცდა პირველ რიგში დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, დამსაქმებლის ქცევასთან. თუმცა დამსაქმებელი პირველ რიგში არის დაინტერესებული, რომ კვალიფიციური და კომპეტენტური ადამიანები აიყვანოს თავის სამსახურში", - ამბობს ის.
კვლევის თანახმად, გამოკითხულ საწარმოთა 73%-ში პროფესიული განათლებით დასაქმებული კადრი საერთოდ არ ჰყავთ. ამასთან, ამავე კვლევის მიხედვით ეს არ უკავშირდება უნარების დეფიციტს, რადგან 59% დადებითად აფასებს პროფესიული განათლების მქონე დასაქმებულებს, ხოლო 57% მიიჩნევს, რომ მათ საწარმოებში დასაქმებულ პროფესიული განათლების ადამიანები დამატებით გადამზადებას არ საჭიროებენ.
კვლევიდან ისიც ჩანს, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან საწარმოების თანამშრომლობა ძალიან დაბალ დონეზეა და ამ თანამშრომლობას პრიორიტეტად საწარმოები არც სამომავლოდ მიიჩნევენ.
ახალი კადრების აყვანისას საწარმოების უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია ნათესავები, მეგობრები, ნაცნობები. 3% პირდაპირ ამბობს, რომ სუბიექტური გადაწყვეტილების საფუძველზე იღებს ახალი კადრის დასაქმების გადაწყვეტილებას.




























