მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როცა ჩვენს ინტერესებთან შეუსაბამობას ვხედავთ, მთავრობას ვატყობინებთ - ისრაელის ელჩი საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე

ისრაელის ელჩი

საქართველოში ისრაელის ელჩი ვალიდ აბუ ჰაია BMGtv-ის გადაცემა "მსოფლიო როგორც ასეთი" ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს სუვერენული უფლებაა, თავად განსაზღვროს საგარეო ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ირანთან.

„ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან ძალიან კარგი და მჭიდროა. ისრაელი მეოთხე ქვეყანა იყო, რომელმაც 1992 წელს თბილისში საელჩო გახსნა. გარკვეული კავშირები საბჭოთა პერიოდშიც არსებობდა, თუნდაც ადამიანურ დონეზე მაგალითად, ქართველი ებრაელების სახით, რომლებმაც ქვეყანა 70-იან და 80-იან წლებში დატოვეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ ვაღიარეთ საქართველოს დამოუკიდებლობა და მას შემდეგ აქ ვართ. შესაბამისად, არსებობს ფართო მოცემულობა როგორც მთავრობებს, ისე ხალხებს შორის. საიდუმლო არავისთვისაა, რომ საქართველოში ისრაელიდან ათასობით ტურისტი ჩამოდის, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ჩვენს კარგ ურთიერთობაზე.

რაც შეეხება საქართველოს ურთიერთობას ირანთან ან ნებისმიერ სხვა სახელმწიფოსთან, ეს ჩვენს ურთიერთობაზე გავლენას არ ახდენს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე განსაზღვროს ურთიერთობის ამათუ იმ ქვეყანასთან. როდესაც ვამჩნევთ რაიმეს, რაც ჩვენს ინტერესებს ან პოზიციებთან შეუსაბამოა, ამას ყოველთვის ღიად და ცხადად ვაწვდით საქართველოს ხელისუფლებას.

ომის პერიოდში ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა ორი კვირის წინ შევხვდი პრემიერ-მინისტრს, ხოლო მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს. [ამ შეხვედრების მიზანი არა შეშფოთების გამოხატვა], არამედ ომის მიმდინარეობის შესახებ მათი ინფორმირება იყო. მოვისმინე მათი მხარდაჭერა და წუხილი გარდაცვლილთა გამო. ჩემი პოზიცია არ ითვალისწინებს საქართველოსა და ირანის ურთიერთობების განსაზღვრას, ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია.

თუმცა ჩვენი ინტერესები საქართველოს ხელისუფლებისთვის ისევე ნათელია, როგორც სხვა პარტნიორებისთვის იქნება ეს მეზობელი ქვეყნები (აზერბაიჯანი, სომხეთი), აშშ თუ სხვა. ეს არის პოზიცია, რომელიც ყველასთვის კარგად არის ცნობილი", - განაცხადა ელჩმა.

ირანში ომის დაწყებიდან მალევე, ისრაელის ელჩი აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა სურდა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა მთავრობის განცხადება, რომ სამძიმარი გამოუცხადა როგორც ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, მათ შორის უმაღლესი ლიდერის დაღუპვის გამო, ისე ისრაელს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.

2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, რის შედეგად მოკლულია ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ხამენეი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები