მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„როცა კურსი ძალიან შეიცვალა, ყველა მიმდინარე ჯავშანი გაუქმდა“ - რა შედეგით დაასრულა უძრავი ქონების სექტორმა მაისი?

თბილისი

დეველოპერული კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორის ბესო ორთოიძის თქმით, მაისში არასტაბილური კურსის გამო ჯავშნების დიდი ნაწილი გაუქმდა. მომხმარებლების ნაწილმა ბინის შეძენა დროებით, ნაწილმა კი გაურკვეველი ვადით გადაიფიქრა.

როგორც ორთოძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, აქტივობის შემცირების მიზეზი პოლიტიკურ პროცესებთან ერთად უქმე დღეების სიმრავლეც იყო.

„მაისი განსხვავებული თვე იყო, ბევრი არასამუშაო დღე გვქონდა, რაც ეკონომიკას აფერხებს ხოლმე. პოლიტიკური ფონი რომ გვერდზე გადავდოთ, რაც რთულია, კურსი ყოველთვის მოქმედებს გაყიდვებზე. არ აქვს მნიშვნელობა ზევით მიდის თუ ქვევით, მომხმარებლები ცდილობენ დაელოდონ, რომ მან სარგებელი მიიღონ ან ძალიან არ დაზარალდეს. პირველ დღეს როცა ძალიან გაიზარდა, ყველა მიმდინარე ჯავშანი გაუქმდა. იქიდან ნაწილმა დროებით, ნაწილმა საერთოდ გადაიფიქრა ყიდვა. თუმცა ეს ჩვეულებრივი ამბავია, როცა კურსი მერყევია, მაგრამ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უძრავი ქონებისთვის არამედ ეკონომიკისთვის, რომ სტაბილურობა და სიმშვიდე იყოს. როცა რაღაცას გეგმავ, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია იცოდე, რა იქნება,“ - განაცხადა ორთოიძემ.

მოლოდინებზე საუბრისას კომპანიაში აცხადებენ, რომ საარჩევნო წელს ბიზნესის განწყობები ისედაც პესიმისტურია, თუმცა მიმდინარე მოვლენები პერსპექტივაში უფრო მძიმე სურათს ხატავს.

„მიუხედავად გასული წლების საკმაოდ ბევრი გამოწვევისა, ეს ყველა იყო გლობალური. ახლა ეს პირველი შემთხვევაა, როცა ადგილობრივი გამოწვევების წინაშე დავდექით. მნიშვნელოვანია შემდეგი თვეები, როცა ეს ტენდენცია უკვე გამოიკვეთება ყველა მიმართულებაში. რა დასამალია, რომ ჩვენს ქვეყანაში როცა არჩევნებია, მაინც მოლოდინი გვაქვს რომ ის წელი არ იქნება სტაბილური, თუმცა ის რაც დღეს ხდება, გაცილებით მძიმე სურათს გვიხატავს. ერთია ასეთ დროს მიმდინარე პროექტები და მეორეა განვითარება, როცა ფიქრობ ახალ ინვესტიციაზე, აქ უკვე შემოდის ეს მომენტი, რაც გაფერხებს. მით უმეტეს ჩვენ ევროპელი ინვესტორები გვყავს და ისინი აბსოლუტურად ყველაფრის საქმის კურსში არიან, შესაბამისად დამატებით ინვესტიციაზე შეიძლება პაუზა აიღონ და დაელოდონ მოვლენების განვითარებას, რაც ჩვენს შემთხვევაში მოხდა,“ - განაცხადა „არსის“ გენერალურმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები