მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როცა მთავრობა „დახლებს“ აკონტროლებს: როგორ მოკლა რეგულაციებმა ვენესუელის ეკონომიკა?

ვენესუელის კრიზისი

თანამედროვე ეკონომიკურ ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება ვენესუელაზე უფრო თვალსაჩინო და ტრაგიკული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეძლო არასწორმა სახელმწიფო პოლიტიკამ, პოპულიზმმა და საბაზრო კანონების იგნორირებამ მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი რესურსების მქონე ქვეყანა ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიეყვანა. უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში, ვენესუელის სურსათისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკა იქცა ექსპერიმენტად, რომელმაც ნათლად აჩვენა ფასების ხელოვნური კონტროლის, ფულის უსასრულო ბეჭდვისა და კერძო საკუთრების ხელყოფის დამანგრეველი შედეგები.

ყველაფერი 1998 წელს, უგო ჩავესის ხელისუფლებაში მოსვლით დაიწყო. სოციალისტურმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ სიღარიბის აღმოფხვრისა და სასურსათო უსაფრთხოების გარანტიისთვის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები გამოეყენებინა. თუმცა, ფუნდამენტური შეცდომა დაუშვეს სტრატეგიაში: ეკონომიკის დივერსიფიკაციის ნაცვლად, ბაზრის რადიკალური რეგულირება აირჩიეს.

2003 წელს შემოღებულმა ფასების კონტროლის მექანიზმმა ღირებულება ყველა ძირითად სასურსათო პროდუქტზე განსაზღვრა. ამ დროს ეკონომიკური ლოგიკა ასე მუშაობს: როცა სახელმწიფო პროდუქტზე საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასს აწესებს, მოთხოვნა იზრდება, მიწოდება კი მცირდება, რადგან მწარმოებელს აღარ უღირს პროდუქციის გამოშვება. ზუსტად ეს სცენარი განვითარდა ვენესუელაში. იმისთვის, რომ ხალხს იაფად ეჭამა, მთავრობამ ფაქტობრივად აკრძალა კერძო დისტრიბუტორების მიერ იმპორტი და ეს ფუნქცია საკუთარ თავზე აიღო. შეიქმნა სახელმწიფო სუბსიდირებული ბაზრები, ე.წ. მერკალები.

ამის პარალელურად, ხაზგასასმელია ისიც, რომ უკვე 2008 წლისთვის ვენესუელა ნარკოტიკივით იყო დამოკიდებული ნავთობზე, რომელზეც ექსპორტის 93% მოდიოდა. როდესაც მსოფლიოში სურსათზე ფასების კრიზისი დაიწყო, ვენესუელამ ეს საწყის ეტაპზე ვერ იგრძნო, რადგან ნავთობის მაღალი ფასი მთავრობას საშუალებას აძლევდა, ძვირად ღირებული იმპორტი განეხორციელებინა და პროდუქცია მოსახლეობისთვის იაფად მიეწოდებინა. ჩავესი ამაყად აცხადებდა, რომ ვენესუელა ფინანსურ კრიზისში მყოფი გლობალური ეკონომიკის ბედს არაფრით გაიზიარებდა, რაც ცხადია, ილუზია იყო, სინამდვილეში ადგილობრივი წარმოება ნადგურდებოდა. ქვეყანა, რომელსაც შეეძლო საკუთარი თავის გამოკვება, სრულად იმპორტდამოკიდებული გახდა.

კიდევ უფრო ტრაგიკული სცენარი განვითარდა ფარმაცევტულ სექტორში. სახელმწიფოს მიერ მედიკამენტებზე ფასის დაწესებით, ბიზნესისთვის გამანადგურებელი რეალობა შეიქმნა - წამლის წარმოება ან იმპორტი ბევრად ძვირი ჯდებოდა, ვიდრე მისი გაყიდვა იყო ნებადართული. შედეგად, ქვეყანაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების კატასტროფული, 85%-იანი დეფიციტი გაჩნდა. სასურსათოსთან ერთად ფარმაცევტული კრიზისის გაღრმავებამაც შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

სწორედ აქედან იწყება ვენესუელის ეკონომიკური ტრაგედიის ყველაზე დრამატული ნაწილი - ჰიპერინფლაცია, ამჯერად ჩავესის მემკვიდრის ნიკოლს მადუროს გაპრეზიდენტების დროიდან. 2013-2014 წლებში, როცა ნავთობის ფასები დაეცა, სახელმწიფოს ბიუჯეტს მთავარი საყრდენი გამოეცალა. წესით, მთავრობას ასეთ დროს ხარჯები უნდა შეემცირებინა, თუმცა, ვენესუელის სოციალისტურმა რეჟიმმა გადაწყვიტა, დეფიციტი ფულის მასშტაბური ბეჭდვით აღმოეფხვრა. ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა დამოუკიდებლობა სრულად დაკარგა და ფაქტობრივად მთავრობის პირად ბანკომატად იქცა. ეკონომიკაში ეროვნული ვალუტის უზარმაზარი მასა გაჩნდა, რომელსაც საქონლის წარმოება ვეღარ ეწეოდა.

ინფლაცია უბრალოდ მაღალი კი არა, ასტრონომიული იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2018 წელს, ინფლაციამ 1 000 000%-ს პროცენტს მიაღწია. ეს ნიშნავდა, რომ ფასები საშუალოდ ყოველ 19 დღეში ორმაგდებოდა. ჰიპერინფლაციამ ფულის ფიზიკური არსი გაანადგურა. მაღაზიებში ფულს აღარ ითვლიდნენ, მას წონიდნენ, რადგან ბანკნოტების დათვლას ძალიან დიდი დრო სჭირდებოდა. ადამიანების მთელი ცხოვრების დანაზოგები ერთ ღამეში გაქრა. ქვეყანაში მასობრივი შიმშილი დაიწყო, რაც მალევე ე.წ. მადუროს დიეტის ფენომენად დამკვიდრდა.

2016 წელს, როცა მაღაზიის დახლები სრულად დაცარიელდა, შეიქმნა CLAP ადგილობრივი მომარაგებისა და წარმოების კომიტეტი, მთავრობამ ფაქტობრივად საკვების განაწილების მონოპოლიზება მოადინა. იმპორტირებული პროდუქტების პირდაპირ ოჯახებზე გაცემის პროგრამა აამუშავა, რაც ცხადია პოლიტიკური შანტაჟის მექანიზმი გახდა. საკვების მიღება სამთავრობო ID ბარათის ქონაზე იყო დამოკიდებული. შიმშილი მოსახლეობის მორჩილებაში ყოფნის მთავარ იარაღად იქცა.

დღესდღეობით, ვენესუელაში ვითარება უცნაურ, ჰიბრიდულ ფაზაშია გადასული. მადუროს მთავრობა იძულებული გახდა, კაპიტულაცია გამოეცხადებინა რეალობის წინაშე და დაუშვა ის, რასაც წლები ებრძოდა - აშშ დოლარის თავისუფალი ბრუნვა. რადგან ტრანზაქციების 80%-ზე მეტი დოლარში ხდება, ჰიპერინფლაცია შეჩერდა, თუმცა ფასები მაინც მაღალია. პარალელურად საზოგადოებაში უზარმაზარი უფსკრული გაჩნდა. ისინი, ვისაც ხელი მიუწვდებათ დოლარზე პროდუქტებს სავსე სუპერმარკეტებში ყიდულობენ. ხოლო ვინც სახელმწიფოსა და ეროვნულ ვალუტაზეა დამოკიდებული, კვლავ სიღატაკეში ცხოვრობს.

ანალოგიური ვრცელდება წამლებზეც. დოლარიზაციის შედეგად აფთიაქების თაროები შევსებულია უცხოური მედიკამენტებით, თუმცა ისინი საერთაშორისო საბაზრო ფასებში იყიდება, რაც ნიშნავს, რომ წამალი ფიზიკურად არსებობს, მაგრამ ღარიბი მოსახლეობის უმრავლესობისთვის ის კვლავ მიუწვდომელ ფუფუნებად რჩება - ესეც მორიგი დასტური იმის, რომ ისტორიამ ვენესუელას სასტიკი განაჩენი გამოუტანა: ნავთობის ოკეანეზე მჯდომმა რეჟიმმა უფასო ცხოვრების ილუზიით საკუთარი ხალხი შიმშილით დახოცა და საბოლოოდ, ფიზიკური გადარჩენისთვის, მაინც იმ მტრის ვალუტას ჩაებღაუჭა, რომელსაც ათწლეულები უშედეგოდ ებრძოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები