მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როცა პრემიერი აშშ-ს შეთქმულების თეორიებზე ესაუბრება, ეს ეჭვებს იწვევს მთავრობის მენტალურ მდგომარეობაზე - ქობულია

ქობულია

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებები ე.წ. გლობალური ომის პარტიასთან და ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით არასერიოზულია.

როგორც გიორგი ქობულიამ BMG-ის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განუცხადა, მთავრობის მხრიდან მსგავსი განცხადებები ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად აისახება.

მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის განცხადებებიდან მკაფიოდ გამოჩნდა, რომ დასავლეთის მხრიდან მმართველი გუნდის სანქცირებასთან დაკავშირებული რისკები არსებობს.

„აბსოლუტურად ნათლად ბრძანა ჯეიმს ო'ბრაიენმა, რომ დიდი რისკია, არამარტო შეჩერდეს დახმარებები, არამედ განხილული იყოს ინდივიდუალური სანქციები. ძალიან საყურადღებოა მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დისკუსია კონკრეტულ კანონს უკვე ცდება. ეს ბევრად უფრო ფართო დისკუსიაა, რომელიც დღეს საქართველოსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს. ძალიან საყურადღებოა ო'ბრაიენის კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მოსაზრება გლობალური ომის პარტიაზე, რომ თურმე დღეს ბატონ ივანიშვილს ისე დაუწესეს სანქციები, რომ ამაზე განცხადება არაა გაკეთებული და არც არავინ არ იცის. ძალიან საშიში მდგომარეობაა დღეს საქართველოსთვის. როგორც ო'ბრაიენმა განაცხადა, ის შოკირებულია პრემიერ-მინისტრის განცხადებების ფონზე, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად არასერიოზული განცხადებებია და ის მოკლებულია ფაქტებს, რომელიც შეთქმულებათა თეორიების კატეგორიას მიეკუთვნება.

რა თქმა უნდა, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენლებს რაღაც შეთქმულების თეორიებზე და გლობალური ომის პარტიაზე ესაუბრება, იმაზე რომ ბატონ ივანიშვილს არ ატანენ ფულს შვეიცარიულ ბანკიდან, იმიტომ ეს გლობალური ომის პარტიის დავალებაა, ეს ძალიან დიდ ეჭვებს იწვევს ზოგადად ჩვენი ხელმძღვანელობის, მთავრობის მენტალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს შოკის მომგვრელი განცხადებებია, რაც ეჭვს იწვევს საერთოდ შეიძლება თუ არა სერიოზულად ესაუბრო ამ ხელისუფლებას. როდესაც ქვეყნის ხელისუფლება ასეთ განცხადებებს აკეთებს და ამას ინვესტორი უსმენს, მას ეჭვი ეპარება, შეიძლება თუ არა ასეთ ქვეყანაში შესვლა, რომლის ხელისუფლებასაც ასეთი მითების სწამს“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები