ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე ჩვენს ქვეყანასა და ბლოკს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ სექტორში პროგრესი უკვე მიღწეულია, ესენია: ერთიანი როუმინგული სივრცე ევროპასთან და ანგარიშსწორების ევროპული სისტემების დანერგვა.
“საქართველოსთვის ღია შესაძლებლობა არსებობს თანამშრომლობისთვის და ორი სფერო, რომელშიც უკვე გვაქვს პროგრესი, ესენია როუმინგი და ანგარიშსწორების ევროპული მექანიზმები.
როუმინგი ის სფეროა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ სწრაფი ტემპით განავითარა. რაც მნიშვნელოვანია ხარჯების შემცირებისთვის, როგორც მოგზაურებისთვის, ისე ევროპაში მცხოვრები ქართველებისთვის. ეს იქნება მიმართულება, რომლის საეტაპო ცვლილებაც ყველაზე შესამჩნევი იქნება ქართველებისთვის, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ”, - განაცხადა ვარჰეიმ.
რაც შეეხება ტრანზაქციების ევროპულ მოდელს, ვარჰეი აღნიშნავს, რომ საქართველოში ამ მხრივ კანონმდებლობა დასახვეწია.
“ანგარიშსწორების სისტემების დასანერგად ჯერ კიდევ გვაქვს ნაბიჯები გადასადგმელი. როგორც კი საქართველო ამისთვის მზად იქნება, ჩვენ ღია ვართ. საჭიროა საკანონმდებლო ნორმების დახვეწა, საბანკო სექტორის გაუმჯობესება და სხვა, იმისათვის, რომ ანგარიშსწორების ერთიან, ევროპულ სისტემაზე გადავიდეთ”, - ამბობს ვარჰეი.
ევროკომისრის თქმით, საქართველო უკვე არის ევროპული ოჯახის წევრი, რის გამოც სიახლეები მან უფრო სწრაფი ტემპით უნდა აითვისოს.
ცნობისთვის, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომას საქართველოს ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესწრება.