პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდებული შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
საქმე ის არის, რომ ვლადიმერ ხუნდაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო. თავდაპირველად მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 1 ნოემბერს კი მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. იმ დროისთვის ვლადიმერ ხუნდაძე ადვოკატის ინფორმაციით, სამკურნალოდ თურქეთში იმყოფებოდა. ყოფილი მაღალჩინოსანი საგამოძიებო ორგანოებს იანვარში ჩაბარდა.
საქმე გორში, ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების ფაქტს ეხება. უწყების თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძეს, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან (გორის საკრებულოს წევრი), რომელიც თანამზრახველებთან ერთად გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძე, რომელიც 2025 წლის პირველ ნახევარში იკავებდა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორისი გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად ქ. გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არაყის დამზადებასა და შენახვას.
ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა პროდუქციის საქართველოში უსაფრთხოდ შემოსატანად ბ.გოგიჩაიშვილმა დასახმარებლად მიმართა ვლადიმერ ხუნდაძეს, რომლის სამსახურებრივ უფლებამოსილებასაც საბაჟო პროცედურების კონტროლი და ზედამხედველობა წარმოადგენდა.
ვლადიმერ ხუნდაძე ბორის გოგიჩაიშვილს მუდმივად აძლევდა მითითებებს პროდუქციის შემოტანისა და განბაჟების სათანადო დროის შესახებ, ასევე უთითებდა, თუ რა შინაარსით უნდა მომხდარიყო პროდუქციის განბაჟება, რათა საბაჟო პროცედურების გავლის დროს საფრთხე არ შეჰქმნოდათ.
შედეგად, 2025 წლის პირველ ნახევარში, გოგიჩაიშვილმა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, საქართველოში შემოიტანა ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო პროდუქცია: სპეციალური შეფუთვის მქონე მინის ბოთლები, ეტიკეტები, საცობები და სხვ.
გარდა აღნიშნულისა, ხუნდაძისათვის ცნობილი იყო, თუ რა დანაშაულის ჩადენა ხდებოდა გოგიჩაიშვილისა და მასთან დაკავშირებული პირთა მიერ. მიუხედავად ამისა, მის მიერ არ მომხდარა შესაბამისი სამსახურებრივი რეაგირება და არც სხვა სახელმწიფო ორგანოებისთვის შეტყობინება მძიმე დანაშაულის შესახებ.
ხუნდაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუნდაძე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
























